სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტრანსცხიმის შემცველობაზე 40 ნიმუში გამოიკვლია

საქართველოს ხელისუფლებამ ტრანსცხიმებს ბრძოლა 2017 წელს გამოუცხადა. სააგენტო მიმდინარე წელს ტრანსცხიმზე 124 ნიმუშის გამოკვლევას გეგმავს
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სურსათში ტრანსცხიმის განსაზღვრის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დასახელების სურსათის 40 ნიმუში აიღეს, რომლებშიც ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხილ-ბოსტნეულში ნიტრატები სულ უფრო ნაკლებია
უწყების მიერ შემოწმდა სპრედი, მარგარინი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩიფსი, მაიონეზი, რძის შემცველი პროდუქტი.
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ტრანსცხიმზე 124 ნიმუშის გამოკვლევა.
საქართველოს ხელისუფლებამ ტრანსცხიმებს ბრძოლა 2017 წელს გამოუცხადა - 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ", რომლის მიხედვითაც განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ვალდებულია სურსათი ამოიღოს რეალიზაციიდან და გაანადგუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება 1.000 ლარით.
საქართველო კვების პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ კანონის ნორმებს ამკაცრებს
სურსათში ტრანსცხიმის შემცველობის განსაზღვრის მიზნით გამოკვლეულია: 2017 წელს - 136 ნიმუში, დარღვევა - 13 (მცენარეულ ცხიმზე დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი); 2018 წელს - 210 ნიმუში, დარღვევა -3 (შოკოლადის კანფეტი, თაფლაკვერი); 2019 წელს - 150 ნიმუში, დარღვევა - 6 (კანფეტი, ვაფლი, მდნარი მცენარეული ცხიმი); 2020 წელს - 134 ნიმუში, დარღვევა - 2 (მდნარი მცენარეული ცხიმი, მოჭიქული კანფეტი).
ტრანსცხიმი არის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც წარმოიქმნება საწარმოო პროცესში ცხიმების ნაწილობრივი ჰიდროგენიზაციის დროს. ხშირად იყენებენ რძის შემცველ პროდუქტებში, მაგალითად, მარგარინში, სპრედში, ნაყინში, საკონდიტრო ნაწარმში, სწრაფი კვების პროდუქტებში და სხვა.
ტრანსცხიმები ძალიან ტოქსიკურია, ისინი ორგანიზმში გროვდება და იწვევს სტრესს, ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებს, კიბოს, ჰორმონალურ დარღვევებს და სხვა.