თბილისი. 14 ივლისი — Sputnik. გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან პროგრესია მიღწეული, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა.
აღნიშნულის შესახებ РИА Новости წერს საინფორმაციო სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით.
„ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი წინასწარი სამუშაო ჩატარდა და მიმაჩნია, რომ ჩვენი პოზიციები ბევრ პუნქტში დაახლოვდა“, — ციტირებს სააგენტო მინისტრს.
მაასმა არ დაზუსტა, მოსალოდნელია თუ არა გარღვევა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოლაპარაკებებში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თაობაზე, რომელიც თეთრ სახლში 15 ივლისს უნდა გაიმართოს. ამასთან მინისტრი აცხადებს, რომ „მიზანი მიღწეული იქნება“, ოღონდ როდის, ვადებს არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ვადები მეორე პლანზე ინაცვლებს.
მანამდე ანგელა მერკელი აცხადებდა, რომ ვაშინგტონში მისი ვიზიტისას მხარეები, გარდა ორმხრივი ურთიერთობებისა, ასევე განიხილავენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის და უკრაინისთვის რუსული გაზის ტრანზიტით უზრუნველყოფის საკითხებსაც.
პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით. საერთო სიმძლავრე — წელიწადში 55 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი. გაზსადენი გადის რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანიის ეკონომიკურ ზონებზე ან ტერიტორიულ წყლებზე. ამ დროისათვის გაზსადენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია: პირველი ტოტი უკვე აგებულია, მეორე კი შესაძლოა აგვისტოს ბოლოსთვის დამთავრდეს. პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება აშშ, რომელიც ევროკავშირს რუსული გაზის სანაცვლოდ საკუთარ გათხევადებულ აირს სთავაზობს.