თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. საქართველოს მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ჯერ კიდევ მის დაწყებამდე დადგა ეჭვქვეშ – ოპოზიცია ამ საკითხში ორად გაიყო.
მასმედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციატივით ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ გამოვიდა.
მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი შეიძლება პარლამენტის სულ ცოტა 50-მა დეპუტატმა დააყენოს. ამასთან ინიციატორებმა პრემიერ-მინისტრობის თავიანთი კანდიდატი უნდა წარმოადგინონ. უნდობლობის პროცედურა რომ დასრულდეს, პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას.
„გვაქვს სრული თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ არ გვექნება წინააღმდეგობა შევარჩიოთ საერთო კანდიდატი, ასევე ალტერნატიული კაბინეტის წევრები, ალტერნატიულ პროგრამაზე, რომელმაც ქვეყანა უნდა გამოიყვანოს კრიზისიდან, ერთად ვიმუშავებთ. ეს მზადყოფნა არსებობს ყველაზე მსხვილ ფრაქციებს შორის“, – განაცხადა ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ.
ამგვარად, მთავრობისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების ინიციატორებმა უკვე დააგროვეს 46 ხმა: ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 32 ხმა და 7-7 ხმა ფრაქცია „ლელოდან“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფიდან“.
პროცედურის დასაწყებად მათ ახლა მხოლოდ 4 ხმა აკლიათ, მაგრამ ახალი მთავრობის დასამტკიცებლად – გაცილებით მეტი – 30 ხმა.
აზრი არ აქვს?
ოპოზიციას პარლამენტში სულ 66 მანდატი აქვს, მაგრამ იმპიჩმენტს ოპოზიციაში ყველა არ ეთანხმება.
„ვერ ვხედავთ ვერანაირ არგუმენტს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. აქედან გამომდინარე, მთავრობისთვის უნდობლობის პროცესს არ შევუერთდებით“, – აღნიშნა „ევროპელი სოციალისტების“ ოთხკაციანი პოლიტიკური ჯგუფის წევრმა ფრიდონ ინჯიამ.
იმპიჩმენტში აზრს ვერ ხედავს ასევე „გირჩის“ პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც სამი დეპუტატი ჰყავს.
„50 ხელმოწერის მოგროვება არ არის პრობლემა. პრობლემა იწყება შემდეგ, როცა პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტია საჭირო ამის სისრულეში მოსაყვანად. ამ ნაწილში მაქვს კითხვები, თუ როგორ აპირებენ ამ ზღვარის გადალახვას ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები. ამის გადალახვა არჩევნებამდე, ჩემი აზრით, საკმაოდ რთულია. ამიტომ მე უფრო არჩევნებზე გამარჯვების იმედი მაქვს, ვიდრე ახლა ტექნიკურად ხელისუფლების გადაყენების", – განაცხადა „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
უარს აცხადებს იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე პარტია „მოქალაქეების“ ორი დეპუტატიც.
„უპერსპექტივო ძალისხმევაა და დროის ასეთ უპერსპექტივობაზე კარგვას აზრი არა აქვს", – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიცია ასევე გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ მხარდაჭერასაც ვერ მიიღებს.
„ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომით არსებითად რაიმე შეიცვლება? სიტუაცია არჩევნებით უნდა შეიცვალოს და არჩევნებამდე სულ რაღაც ორი თვეა დარჩენილი. მოახლოებული არჩევნები თავისი შინაარსით რეფერენდუმს უტოლდება და ქართველი ხალხის არჩევანზე იქნება დამოკიდებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ბედი", – განაცხადა პარტიის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა.
„ოცნება“ გულგრილია
მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გულგრილად შეხვდნენ პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების მუქარებს.
„თავად იციან, რომ არანაირი წარმატების შანსი არ აქვთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესში. უბრალოდ, მცდელობა აქვთ, შექმნან მედია დღის წესრიგი. უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ უმრავლესობას“, – განაცხადა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა.
მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევს უნდობლობის პროცედურით.
ეს არის ოპოზიციისთვის დამატებითი მოედანი პოპულიზმისთვის, ისინი ვერაფერს ვერ მიაღწევენ, განაცხადა სარჯველაძემ.
ექსპერტის თვალსაზრისი
პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ვერ მიაღწევს საქართველოს მოქმედი მთავრობის გადადგომას.
„იმპიჩმენტი ამ ეტაპზე არ გამოვა. ხმები არაა საკმარისი. ოპოზიციას მხოლოდ 64 ხმა აქვს, იმპიჩმენტს კი 76 სჭირდება. ვფიქრობ, ოპოზიციამ უნდა გაიგოს, რომ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია“, – განაცხადა მამრაძემ „Sputnik-საქართველოს“ რადიოს ეთერში.
არეულობა თბილისში
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მოწინააღმდეგეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ამ დროისათვის ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, მათი დევნისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 21 ადამიანია ბრალდებული. ყველა მათგანი განაჩენს პატიმრობაში დაელოდება.