ყველაფრის მიუხედავად - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ექვსი ახალი მოსამართლე ჰყავს

კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე, შეეჩერებინათ მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო რეფორმის გატარებამდე.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ცხრა კანდიდატიდან ექვსს, რაც ოპოზიციის ბრალდებების ახალი საბაბი გახდა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ცხრა კანდიდატი-მოსამართლის სია ივნისის ბოლოს წარუდგინა. კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე, შეეჩერებინათ მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო რეფორმის გატარებამდე.
საქართველოში მოსამართლეთა შერჩევა კვლავ სკანდალის მიზეზი გახდა
კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატებმა მიიღეს.
„ჩვენ ვიხელმძღვანელეთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ყურადღება გავამახვილეთ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებზე. ამაზე დაყრდნობით მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, ცხრა კანდიდატიდან საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ ექვსი აირჩია საქართველოს უზენაეს მოსამართლედ“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
პოზიციამ მოსამართლეთა დანიშვნა მმართველი პარტიის „ძალმომრეობად“ შეაფასა.
„საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, რომ პროცესი შეჩერებულიყო და მომხდარიყო რეფორმის განხორციელება, „ქართულმა ოცნებამ“ ეს მოთხოვნა უგულებელყო და დღეს „ქართული ოცნება“ რჩება ძალად, რომელიც საპარლამენტო ძალმომრეობას მიმართავს და ცდილობს, თავისი რეჟიმი ხელისუფლების ყველა შტოში განამტკიცოს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა.
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის სფერო, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები ყველაზე მეტად აკრიტიკებენ. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, გაეტარებინათ მართლმსაჯულების სისტემაში საფუძვლიანი რეფორმა, მანამ კი თავი შეეკავებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისგან.