თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია, განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ექსპერტის თქმით, ცხედრის პირველადი დათვალიერების შედეგად, თავის არეში რაიმე სახის გემატომა ანდა თრომბოემბოლიის ნიშნები არ ფიქსირდება. თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ ლექსო ლაშქარავასთვის თვალის არეში მიყენებული ტრავმა შესაძლოა ყოფილიყო მისი გარდაცვალების მიზეზი.
გეჯაძესთან ერთად გაკვეთის პროცესს ესწრებოდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი, რომელიც გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახის ინტერესებს იცავს.
„ძლიერი ტკივილებისგან მორფინს უკეთებდნენ. მას ყოველდღე უკეთებდნენ მორფინს, ერთ დღეში რამდენჯერმე უკეთებდნენ. ბოლო დოზა მიიღო 8 ივლისს, ამის შემდეგ ნარკოტიკი ოფიციალურად არ მიუღია“, - განაცხადა გეჯაძემ.
დამოუკიდებელი ექსპერტი „ტვ პირველმა“ გარდაცვლილის ოჯახის თხოვნით დაიქირავა.
ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტროს მიერ ოჯახის წევრებს შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები. მათ შორის, საგამოძიებო უწყება მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში.“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.
ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეების კონტრაქციის გაშუქებისას ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ საქართველოში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში დღეს დილით ნახეს. ექვსი დღის წინ ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდა. იმ დღესვე მას ოპერაცია ჩაუტარდა. ბოლო დღეები მან სახლში გაატარა, შაბათს კი ის „ტვ პირველის“ დღის ეთერის ერთ-ერთი სტუმარი იყო და 5 ივლისის მოვლენებს იხსენებდა.
როგორც „ტვ პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში თავდასხმის ობიექტი გახდა, ლექსოს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში 20 ადამიანი სცემდა და ის სისხლის გუბეში დატოვეს.
ლექსო ლაშქარავას დედა, რომელმაც დილით შვილი გარდაცვლილი ნახა, ამტკიცებს, რომ 5 ივლისის აქციაზე ცემამდე მისი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და მის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება უჭირს.
სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული - ცხედარზე ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაში ეს სტანდარტული პროცედურაა. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.