საქართველოს მისია ავღანეთში ოფიციალურად დასრულდა

ავღანეთში ნატოს სამშვიდო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ 17 წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტი ქართველი სამხედრო მონაწილეობდა.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველო გააგრძელებს თავდაცვის ძალების განმტკიცებას, მათი საბრძოლო მზადყოფნის, სამხედრო მომზადების ხარისხის ამაღლებას, რათა მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო უშიშროების უზრუნველყოფაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიის დასრულების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველო დაეხმარა გერმანიას ავღანეთიდან სამხედროების გამოყვანაში>>
ცერემონია სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ თავდაცვის ძალების მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და სხვა მიწვეული სტუმრები.
ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა
ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა 20 ათასზე მეტ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც 17 წლის განმავლობაში საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად იცავდნენ გლობალურ უშიშროებას. პრემიერმა მათ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დასრულება მიულოცა.
„ნატოსა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში ჩვენი ქვეყნისა და ჯარის მონაწილეობა და მსხვილი კონტრიბუცია არის მკაფიო დემონსტრირება, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, იყოს უშიშროების მიმწოდებელი და პარტნიორებთან ერთად იბრძოლოს გლობალური მშვიდობის დასაცავად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ქართველ სამხედროებს მიულოცა პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმაც.
„საერთაშორისო უშიშროების უზრუნველყოფას თავდაცვის ძალების 32-მა სამხედრო მოსამსახურემ შესწირა თავი. ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას მათ მიმართ, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობის და მსოფლიო მშვიდობისათვის ბრძოლას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ღონისძიების ფარგლებში მხედრული მამაცობისთვის საბრძოლო მედლებითა და სახელობითი იარაღით რამდენიმე სამხედრო დააჯილდოვეს.
ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო ნატოს წევრ ქვეყნებს ეხმარება
ქართველი ჯარისკაცები ნატოს სამშვიდობო მისიაში ავღანეთში 2004 წლიდან მონაწილეობდნენ. მისია 2015 წლიდან არასაბრძოლოდ გამოცხადდა და მიიღო სახელწოდება „მტკიცე მხარდაჭერა“. ავღანეთი შეთანხმებული გრაფიკით ყველა ქართულმა ქვედანაყოფმა უკვე დატოვა.
ავღანეთის მისიაში მონაწილეობის პერიოდში, 107 როტაციის ფარგლებში, სხვადასხვა დონეზე (ISAF, RSM) მსახურობდა 20 ათასზე მეტი ქართველი სამხედრო. ამ დროის განმავლობაში ავღანეთში დაიღუპა 32 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რამდენიმე ასეულმა კი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო.