თუ „თელმიკომ“ ზედმეტი თანხა დაგარიცხათ: სემეკი განცხადებას ავრცელებს

სემეკს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის („თელმიკო“) მიერ ივლისში აბონენტებზე დარიცხული გადასახადის შესწავლის მოთხოვნით უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ („თელმიკო“) მიერ აბონენტებისთვის ზედმეტად დარიცხული თანხები შესწორდება, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკის) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ელექტროქსელების აბონენტები ივლისში ერთის ნაცვლად ორ ქვითარს მიიღებენ
როგორც ირკვევა, სემეკს უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა თხოვნით, შეესწავლათ „თელმიკოს“ მიერ ივლისში აბონენტებისთვის დარიცხული თანხები.
„სემეკ-ში დაიწყო საკითხის აქტიური მოკვლევა და ზედმეტობით დარიცხული თანხების არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებს დაუკორექტირდებათ გადასახადი. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებმა უკვე გადაიხადეს ზედმეტობით დარიცხული გადასახადი, დაკორექტირებული თანხა აისახება მათ სააბონენტო ბარათზე“, — განუმარტავს მოსახლეობას სემეკი.
კომისიაში ასევე აცხადებენ, რომ თუ მოკვლევამ ზედმეტობით დარიცხული თანხები დაადასტურა, სემეკი კომპანიის მიმართ მკაცრ ზომებს გაატარებს.  
კომისია ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდნენ სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ნომერზე - 16 216. მოქალაქეებს სემეკთან დაკავშირება შეუძლიათ სოციალურ ქსელის მეშვეობით და ასევე ვებგვერდზე www.facebook.com.gnerc
აბონენტებს 1 ივლისიდან თბილისში „თელასის" ნაცვლად მოემსახურება „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" („თელმიკო"), ხოლო რეგიონების მოსახლეობას Energo-pro Georgia-ს ნაცვლად – „ეპ ჯორჯია“.