ღვინის ექსპორტი: მიღებულმა შემოსავალმა წინა წლების შემოსავლებს გადააჭარბა

ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია, დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზეც, აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოდან ექვს თვეში მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო არის ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია.
მთავრობის გეგმა: შემოსავლებმა ღვინის ექსპორტიდან მილიარდ დოლარს უნდა გადააჭარბოს
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებელი ასევე აღემატება პანდემიამდე პერიოდის მონაცემებსაც – 2019 წლის 6 თვეში საქართველოდან ექსპორტირებული იყო 98 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40,5 მლნ ბოთლი ღვინო.
მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ბოლო წლების ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი - 31% (2.864.152 ბოთლი), ჩინეთი - 10% (2.762.922), ლიეტუვა - 38% (245.940), ლატვია - 2% (809.106), აშშ - 35% (502.353), გერმანია - 4% (364.459), ესტონეთი - 3% (348.538), დიდი ბრიტანეთი - 60% (283.830).
რუსი ექსპერტების ეჭვი ზოგიერთი ქართული ღვინის ხარისხზე და პროდუქციის პერსპექტივები>>
მიმდინარე წელს ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: კანადა - 87% (149.290), შვედეთი - 48% (61.972), ყაზახეთი - 61% (1.911.844), ისრაელი - 63% (273.860), აზერბაიჯანი - 41% (133.391), თურქეთი 115% (30.930), უკრაინა - 15% (5.259.909), რუსეთი - 8% (28.027.286), მონღოლეთი - 261% (232.920) და ა.შ.
ქართული ღვინის ექსპორტი კვლავ იზრდება
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 322-მა კომპანიამ განახორციელა.
ღვინის გარდა ექსპორტირებულია 16 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 30 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 11%). ექსპორტირებულია 398 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 77% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1 მლნ აშშ დოლარს აღწევს – ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64% შეადგინა.
მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 170 მლნ აშშ დოლარი, რაც 13%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.