თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) დღეს საქართველოს, მასობრივი ვაქცინაციის ტექნიკურად გამართულ გარემოში ჩასატარებლად, დამატებითი ინვენტარი გადმოსცეს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას ინფორმაციით, ინვენტარის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს უახლოეს მომავალში ექნება.
„საქართველომ მიიღო 70-ზე მეტი ნოუთბუქი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებისთვის, ასევე ვაქცინების გადასატანი 200 „ცივი ყუთი“, ყინულის სამედიცინო მაცივრები, რომლებიც უახლოეს მომავალში მოეწოდება ქვეყანას. ასევე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავტომობილი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გაბუნიამ მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ცენტრალურ ოფისს ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში დახმარების გაწევისთვის.
საქართველოში 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის 350 ბრიგადა და 150 კლინიკა მოამზადა.
ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 283.631 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც 111.589 მოქალაქეს სრული ორი დოზა აქვს მიღებული.