გამყრელიძე: ორჯერადად აცრილ პირებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების ერთი მილიონი დოზა მიიღო.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. კორონავირუსზე ორჯერადად აცრილ პირებში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ეს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მთავრობას კიდევ ერთ რეკომენდაციას აძლევს – ვის შეეხება სიახლე>>
გამყრელიძე მიიჩნევს, რომ პანდემიის დასრულების გზა მხოლოდ და მხოლოდ აცრებზე გადის. მისი განცხადებით, დღეს ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს და მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ შესაძლებლობა და აიცრან.
„წელს ჩვენ უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60%, რათა წერტილი დავუსვათ გარდაცვალების ყოველდღიურ შემთხვევებს, ვირუსის ახალ შემთხვევებს და საერთოდ ეპიდემიას ქვეყანაში. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, ვიყოთ უფრო აქტიურები“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე პორტალზე გახსნილია 100 ათასამდე ადგილი, დაჯავშნილია მხოლოდ 30-35 ათასის ფარგლებში, ანუ მიწოდება დაახლოებით სამჯერ აჭარბებს მოთხოვნას.
საქართველომ მასობრივი ვაქცინაციისთვის დამატებითი ინვენტარი მიიღო
გამყრელიძე მიიჩნევს, რომ აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის „ინდური შტამი“ სხვა შტამებს მთლიანად ჩაანაცვლებს. მისი განცხადებით, ამ დროისათვის ქვეყანაში „ინდური შტამის“ 52 შემთხვევა ფიქსირდება და კიდევ რამდენიმე შესაძლო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს.
საქართველოში 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის 350 ბრიგადა და 150 კლინიკა მოამზადა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 283.631 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც 111.589 მოქალაქეს სრული ორი დოზა აქვს მიღებული.