პოლიციამ 6 ივლისს რუსთაველზე  კონტრაქციის 100 მონაწილე დააკავა

რუსთაველის გამზირზე, სადაც გუშინ ორი აქცია იმართებოდა, ვითარება პრაქტიკულად უკონტროლო გახდა და პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. 6 ივლისს პარლამენტის წინ გამართული აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. პირველი კლასიკური გიმნაზიისა და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვების სეტყვა ჟურნალისტებისა და აქციის თავზე პარლამენტთან - ვიდეო
უწყების ცნობით, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, რის შედეგადაც სამმა სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა პოლიციის ავტომანქანები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით ადგილზე დაკავებულია ორი პირი. ერთი მათგანი დაკავებულია „პალიტრა ნიუსის" ოპერატორის მიმართ ძალადობისა და პროფესიული საქმიანობის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. ხოლო მეორემ საპატრულო პოლიციის ავტომანქანის გვერდითი საქარე მინა დააზიანა. ორივე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
პოლიცია ორ ცეცხლს შუა თბილისში: აქცია და კონტრაქცია რუსთაველზე - ვიდეო
რუსთაველის გამზირზე, სადაც ერთბაშად ორი აქცია იმართებოდა, გარკვეულ მომენტში ვითარება პრაქტიკულად უკონტროლო გახდა. რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რომელიც მათ ყოფდა დუმილის აქციის მონაწილეებთან, რომლებიც 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს დაიცვან კანონი
გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ განურჩევლად იმისა, ვინ რომელ მასმედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.
არეულობების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
5 ივლისს 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 6 ივლისს კი ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სამი ადამიანი დააკავეს.