თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე დაცულია უსაფრთხოება და მობილიზებულია პოლიცია, განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ.
მისივე თქმით, რაიმე დაპირისპირება თუ მოხდება, სამართალდამცველებს მყისიერი რეაგირება ექნებათ.
„დაცულია უსაფრთხოება. მობილიზებულია პოლიცია და იცავს საზოგადოებრივ წესრიგს. რაიმე დაპირისპირება თუ მოხდება, პოლიცია მყისიერად მოახდენს რეაგირებას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ცოტა ხნის წინ რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რომელიც მათ ყოფდა დუმილის აქციის მონაწილეებთან, რომლებიც გუშინ დაშავებული ჟურნალისტების და საზოგადოების წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
დაშავებული ჟურნალისტების და „თბილისი პრაიდის“ მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანები ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა. კონტრაქციის მონაწილეები, რომლებიც ქაშუეთის ტაძართან იყვნენ შეკრებილები, მათ ესვრიან ბოთლებს, ჯოხებს, ქვებს. რადიკალურად განწყობილი პირები პოლიციას აღარ ემორჩილებიან. პოლიციას დამატებითი ძალები შემოჰყავს.
ერთ-ერთი პოლიციელი დაშავდა რადიკალების მიერ წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად. ისმის აფეთქებების ხმა, სავარაუდოდ, კონტრაქციების მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას.
ლგბტ-ს მხარდამჭერები პოლიციას მოუწოდებენ, რადიკალურად განწყობილი პირების წინააღმდეგ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები.
5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.
გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ, განურჩევლად იმისა ვინ რომელ მედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.
არეულობების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
5 ივლისს 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, დღეს ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სამი ადამიანი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, დღეს საღამოს აქციაზე რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ.
დაკავებები ამ წუთებშიც გრძელდება.