თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე, სადაც ორი აქცია იმართებოდა, ვითარება პრაქტიკულად უკონტროლო გახდა.
რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რომელიც მათ ყოფდა დუმილის აქციის მონაწილეებთან, რომლებიც გუშინ დაშავებული ჟურნალისტების და საზოგადოების წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
ლგბტ-ს წარმომადგენლების მხარდამჭერები ადგილიდან პოლიციას გაჰყავს. კონტრაქციის მონაწილეები, რომლებიც ქაშუეთის ტაძართან იყვნენ შეკრებილები, დუმილის აქციის მონაწილეებს ესვრიან ბოთლებს, ჯოხებს, ქვებს. რადიკალურად განწყობილი პირები პოლიციას აღარ ემორჩილებიან. პოლიციას დამატებითი ძალები შემოჰყავს.
ლგბტ-ს მხარდამჭერები პოლიციას მოუწოდებენ, რადიკალურად განწყობილი პირების წინააღმდეგ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები.
ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის განცხადებით, კონტრაქციის მონაწილეებმა გამოიყენეს წიწაკის სპრეი და არიან დაშავებული ადამიანები.
5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.
გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ, განურჩევლად იმისა ვინ რომელ მედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.
არეულობების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
5 ივლისს 8 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, დღეს ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სამი ადამიანი დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია, დღეს საღამოს აქციაზე რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ.