ოჯახებს საქართველოში ბინების შეძენაში დაეხმარებიან

პროგრამა ითვალისწინებს იმ ოჯახებისთვის იპოთეკური კრედიტის 6-პროცენტიან თანადაფინანსებას, რომლებსაც პირველი და მეორე ბავშვი ეყოლათ.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. მთავრობა დაუსუბსიდირებს იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთს იმ ოჯახებს, ვისაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესება სურს. განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 10-წლიანი განვითარების გეგმის „ეკონომიკა 2030" პროექტის პრეზენტაციაზე.
პროგრამა ითვალისწინებს 6% იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინათ. მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში, სადაც მესამე ან მეტი ბავშვი დაიბადება, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით 8%-ს დააფინანსებს.
რატომ არის ეროვნული ბანკი იპოთეკის სუბსიდირების გაგრძელების წინააღმდეგი
სუბსიდია ხუთი წლის განმავლობაში შეეხება ყველა სასესხო ხელშეკრულებას, 60 ათასიდან 300 ათას ლარამდე თანხაზე.
„ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის გაჩენის შემთხვევაში, ჩვენ ვაფინანსებთ სესხის მინიმუმ 6% -ს ბინის შესაძენად და თუ ჩვენ ვსაუბრობთ მესამეზე ან თითოეულ მომდევნო ბავშვზე, მაშინ უკვე ვსაუბრობთ 8% თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პროცენტის უმეტესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ  გადაიხდება”, - განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე. მისი დამტკიცება და ამოქმედება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მოხდება.
მთავრობის გეგმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გასაჯაროვდა. თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს დააგროვებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
ვის, რატომ და რამდენით გაუძვირდა კრედიტი?
გასულ წელს ხელისუფლებამ მსგავსი პროგრამა გამოიყენა უძრავი ქონების გაყიდვების შემცირების პრობლემის გადასაჭრელად, ასევე მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში დახმარების ფარგლებში. მოქალაქეებისთვის ბინების ყიდვის პროცესის გამარტივების მიზნით, მთავრობამ სუბსიდირება გაუწია იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთს, რისთვისაც 70 მილიონი ლარი გამოიყო. 4%-იანი სუბსიდირება ხუთი წლის განმავლობაში შეეხება ყველა სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც 200 ათას ლარს არ აღემატება.
ამასთან, იპოთეკური სესხების პორტფელის სახელმწიფო გარანტიებისთვის გათვალისწინებული იყო 14 მილიონი ლარი.
დღეისათვის საქართველოში ფიზიკური პირებისთვის კომერციულ ბანკებში იპოთეკური სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 12,5%-ს შეადგენს.