თბილისი, 6 ივლისის − Sputnik. ვაშინგტონში უნდა გაიგონ, რომ მოსკოვთან დიალოგის მცდელობა ძალის პოზიციიდან ჩავარდნისთვისაა განწირული, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინდონეზიურ გაზეთ Rakyat Merdeka-სთან ინტერვიუში.
ამის თაობაზე წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„არამეგობრულ ქმედებებს მკაცრად და გადამჭრელად ვუპასუხებთ“, − აღნიშნა რუსმა მინისტრმა.
ლავროვის თქმით, ჟენევის სამიტზე ვლადიმირ პუტინმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ შედეგი ყველა მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ ინტერესთა ურთიერთმისაღები ბალანსითაა შესაძლებელი, რომელიც მკაცრად პარიტეტულ საწყისებზე იქნება დაფუძნებული.
ამასთან დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე ამ მოსაზრების წინააღმდეგ არ წასულან, მაგრამ ვაშინგტონში სამიტის დამთავრებისთანავე „გაორმაგებული ძალებით დაიწყეს ძველი „ნოტაციების“ კითხვა და ამასთან რუსეთს ისევ წაუყენეს მოთხოვნები“.
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის პირველი შეხვედრა შვეიცარიაში მიმდინარე წლის 16 ივნისს გაიმართა. ორივე მხარის შეფასებით, სამიტმა კონსტრუქციულად ჩაიარა: სახელმწიფოთა მეთაურების მოსაზრებები ზოგ საკითხში ერთმანეთს დაემთხვა და ამასთან ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ კონსულტაციებს დაიწყებენ.