კუჭავა: ათი კაცი ერთს დასდევდა, ამას ან კაცობა ჰქვია ან ვაჟკაცობა?!

გუშინ რუსთაველის გამზირზე ლგბტ–თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არ გამოჩენილან, ხოლო კონტრაქციის მონაწილეთა მთელი აგრესია გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მას სამარცხვინო უწოდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს-უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც გუშინ, 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. მაგრამ დილის 11 საათიდან რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია დაიწყო.
„სოლიდარობა ჟურნალისტებს“: საქართველოს მასშტაბით მდუმარე აქციები გაიმართა
„ღირსების მარშის“ და „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ თითქმის ყველა ტელეარხის გადამღებ ჯგუფებს. აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა ჟურნალისტებს მუშაობისა და აქციის გაშუქების საშუალება არ მისცეს, დაუზიანეს ტექნიკა. მასმედიის რამდენიმე წარმომადგენელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. შსს-ს ცნობით, გამოვლენილია ძალადობის 55 ფაქტი, აქედან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართ არის ჩადენილი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გუშინდელ ქმედებებს გამართლება არ აქვს და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა.
„არ ვიცი, რა დავარქვათ იმას, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო უბრალოდ სამარცხვინო, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით – „მაგრამ“. არანაირი „მაგრამ“! მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი რომ ერთ კაცს დასდევს, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას?!“ – განაცხადა კუჭავამ.
როგორც კუჭავამ აღნიშნა, განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ჟურნალისტებს ესხმიან თავს, არავის აქვს უფლება, მათი საქმიანობა შეაფერხოს.
ვგმობ ჟურნალისტებზე ძალადობას – ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა
„მინდა ამ ადამიანებს ვკითხო – ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები, ჟურნალისტები და რა ქნან, უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება?! ეს ყოვლად მიუღებელია. აქ ერთადერთი გამოსავალი და შემდეგი ნაბიჯი არის მკაცრი რეაგირება. უნდა დაისაჯოს ყველა, სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით“, – განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ძალადობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება და მათ ქმედებებზე მკაცრი რეაგირება მალე მოხდება.
შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და ძალადობა. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 11 პირი.