ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვა წარმოადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 10-წლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში შემუშავებული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია ბიოლის ველნეს კურორტზე გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი დოკუმენტი მოიცავს სულ მცირე თორმეტ მსხვილ მიმართულებას, დაწყებული ეკონომიკის განვითარების ჩარჩო-სტრატეგიით, დასრულებული თითოეულ საკვანძო დარგში განვითარების კონკრეტული პოლიტიკით, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის „ეკონომიკა–2030“ შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის მომდევნო 10 წლის მთავარი პროპრიტეტი დაასახელა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარმოადგენენ, რაც, მთავრობის აზრით, ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება. დღეს „ეკონომიკა–2030"-ის პრეზენტაცია ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა.
„ჩვენი მთავარი ამოცანა უახლოეს და საშუალოვადიან პერიოდში იქნება ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპების შენარჩუნება, ისევე, როგორც სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და გარემოს განჭვრეტადობა ჩვენი ბიზნესისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, ბოლო წლებში, 2019 წლის ჩათვლით, ვიდრე ქვეყანა გლობალური გამოწვევის, პანდემიის წინაშე დადგებოდა, ეკონომიკური ზრდა ხასიათდებოდა საკმაოდ მაღალი დონით, აღმავალი ტენდენციით. ქვეყანამ მოიპოვა რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ლიდერის სტატუსი და ეს იყო მთავრობის მიზანმიმართული, ეკონომიკის წამახალისებელი პოლიტიკის შედეგი.
„ჩვენ ახლა რეალურად ვავითარებთ კერძო ბიზნესის ინიციატივაზე დამყარებულ ეკონომიკას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პროგრამები, რასაც ჩვენ ვახორციელებდით და დღემდე ვახორციელებთ მცირე ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის წახალისების მიმართულებით“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების სიკეთეები ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეხოს, რისთვისაც საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია.
ირაკლი ღარიბაშვილი: უცხოეთიდან ძალიან ბევრი პროდუქტი შემოგვაქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 10-წლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში შემუშავებული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია ბიოლის ველნეს კურორტზე გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, საქართველოს ბიზნეს-გაერთიანებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.