თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი სამთავრობო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, განაცხადა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარმოადგენენ, რაც, მთავრობის აზრით, ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება. დღეს „ეკონომიკა–2030"-ის პრეზენტაცია ეკონომიკის სამინისტრომ წარმოადგინა.
მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმ დიდი დარტყმისა, რაც პანდემიამ ტურიზმს მიაყენა, სამინისტროში საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილი.
„ტურიზმის აღდგენის კარგი მაჩვენებლები გვაქვს და ჩვენი სამიზნე მაჩვენებელებია - 2025 წელს სულ მცირე 4,24 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი შემოვიდეს ტურიზმიდან. 2019 წელს ეს მაჩვენებელი იყო 3.268.654.058 დოლარი და ეს იყო რეკორდული წელი. ხოლო 2030 წელს ვფიქრობთ, ეს რეკორდული მაჩვენებელი გავაორმაგოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს 10 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს, ხოლო 2030 წლისთვის საქართველოს სულ მცირე 13-14 მლნ ტურისტი ესტუმრება. როგორც თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, ეს ნიშნავს რეგიონულ განვითარებას, რადგან ტურისტული ობიექტების უმრავლესობა სწორედ რეგიონებში განვითარდება.
რაც შეეხება ტურიზმის განვითარების კომპლექსურ სტრატეგიას, რომელზეც თურნავას უწყება მუშაობს, მინისტრის განცხადებით, სტრატეგია შედგება რამდენიმე მიმართულებისგან, მათ შორისაა მსხვილი ტურისტული პროექტები. მათი კონცეფცია ორიენტირებული იქნება ისეთი ტურისტული პროექტების განხორციელებაზე, სადაც საქართველოს აქვს მსოფლიოში უნიკალური უპირატესობა.
მისი ინფორმაციით, ტურიზმის სტრატეგიის მეორე, ტრადიციული მიმართულება საქართველოს კურორტების განვითარებაა. ნათია თურნავას თქმით, აქ საუბარია არა მხოლოდ ცნობილ კურორტებზე, სადაც უამრავი რამ კეთდება და დაგეგმილია უახლოეს პერიოდში, არამედ შედარებით მივიწყებულ კურორტებზე, რომლებზეც თავის დროზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო, ხოლო ახლა საჭიროა მათი პოტენციალის რეალიზება.
მესამე მნიშვნელოვან მიმართულებად ნათია თურნავა „მცირე სასახლეებს“ ასახელებს.
„როდესაც ამაზე დავიწყეთ მუშაობა, აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში არის ასეთი საინტერესო ობიექტი. პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ მოვთხოვეთ ჩვენს მუნიციპალიტეტებს, გუბერნატორებს, თვითმმართველობებს, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ ტერიტორიაზე არსებულ მსგავს ღირშესანიშნაობებზე. ეს იქნება ჩვენი შემდგომი მუშაობის საგანი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 10-წლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში შემუშავებული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია ბიოლის ველნეს კურორტზე გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე დაესწრნენ პარლამენტის დეპუტატები, საქართველოს ბიზნეს-გაერთიანებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.