თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა და კიდევ ერთხელ დაგმო ის ძალადობა, რომელიც დღეს „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გამოავლინეს, იუწყება „პირველი არხი“.
დღეს რამდენიმე ჟურნალისტი „თბილისი პრაიდის“ აგრესიული მოწინააღმდეგეების მხრიდან ძალადობის სამიზნე გახდა. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს ბოთლები და ჯოხები დაუშინეს. ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ინფორმაციით, 15 ჟურნალისტი დაშავდა.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებული მედიის წარმომადგენლებიდან ერთი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ერთს ოპერაცია უტარდება, დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურია. კვლავ კლინიკაში რჩება „პირველი არხის“ ოპერატორი ილია თვალიაშვილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„მოვინახულე დაშავებულები, აქ ოთხი მედიაწარმომადგენელი იყო გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გაწერილია, ერთმა კი ოპერაცია ჩაიტარა... ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა... აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს–უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოვიდნენ კონსერვატიულად განწყობილი რადიკალური ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ. მათ პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის კარვები დაარბიეს. იერიში მიიტანეს ასევე მოძრაობის „სირცხვილია“ ოფისზე, სადაც აქციის მონაწილეები აივნიდან შეიჭრნენ. მათ ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა დროშები ჩამოხსნეს, დახიეს, აივნიდან გადმოყარეს და დაწვეს. ასევე ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს შენობას. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს „ღირსების მარშის“ თბილისის ცენტრში ჩატარებას. შსს–მ კი გაავრცელა განცხადება, სადაც „პრაიდის“ ორგანიზატორებს მოუწოდა, არ ჩაატარონ დედაქალაქის ცენტრში დაგეგმილი „ღირსების მარში“ ღია სივრცეში.
თავად ზურაბიშვილმა დღეს „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები დაგმო.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის" გადაწყვეტილებით, დღეს დაგეგმილი „ღირსების მარში" აღარ გაიმართება. როგორც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები აცხადებენ, ორგანიზაციის წევრები საფრთხის წინაშე იმყოფებიან, აგრესიის საშიშროების წინაშეა ასევე ლგბტ–თემის მხარდამჭერები, მედიის წარმომადგენლებზე კი გამოცხადებულია „ნადირობა“.