თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს. ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
დღეს გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში საპატრიარქომ შეახსენა ე.წ „მარშის" გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ მათი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწვალებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არა მარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს“, - წერია განცხადებაში.
საპატრიარქო სთხოვს ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან, რათა ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს რაიმე ესკალაცია და არ დაზარალდნენ ჩვენივე თანამემამულეები, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსისა, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა.
„სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება კადრები, რომ დღევანდელი შეკრების დროს მოხდა გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ ვითარების მაქსიმალურად მშვიდობიანად წარმართვისათვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავემიჯნოთ ყოველგვარ აგრესიულ ქმედებას“, - აღნიშნეს საპატრიარქოში.
ერთი ადამიანის დაზარალებაც კი საფრთხეს უქნის არა მარტო მას, არამედ აზიანებს მთელ საზოგადოებას და ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას, ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ სექს–უმცირესობების სოლიდარობის კვირეული მოაწყო, რომელიც 5 ივლისს დედაქალაქის ცენტრში „ღირსების მარშით“ უნდა დასრულებულიყო. ორგანიზატორებმა მარშის ჩატარება დღევანდელი მოვლენების გამო გადაიფიქრეს.
ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქო, რომელიც აცხადებს, რომ 5 ივლისისთვის დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებით „ინტერესების დაცვა კი არ ხდება, არამედ ხელი ეწყობა მცირე ნაწილისათვის გარკვეული დივიდენდების მიღებას, ხალხში კი ამ ჯგუფისადმი აგრესიის ხელოვნურად გაჩენას“.
საქართველოს საპატრიარქომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად, ქაშუეთის ტაძართან შეკრება და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარება დააანონსა. დღეს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ქაშუეთის ეკლესიასა და 9 აპრილის ბაღში შეიკრიბნენ, სადაც პარაკლისს უნდა დასწრებოდნენ. თუმცა, მათ გეგმა შეცვალეს და მშვიდობიანი პარაკლისის ჩატარების ნაცვლად, რუსთაველზე, პარლამენტთან გადაინაცვლეს და იქ გაშლილი კარვების დარბევა დაიწყეს.
მათ იერიში მიიტანეს ასევე მოძრაობის „სირცხვილია“ ოფისზე, სადაც აქციის მონაწილეები აივნიდან შეიჭრნენ. მათ ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა დროშები ჩამოხსნეს, დახიეს, აივნიდან გადმოყარეს და დაწვეს. ასევე ბოთლები და სამშენებლო ფილები დაუშინეს შენობას. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.
გარდა ამისა, დღეს რამდენიმე ჟურნალისტი „თბილისი პრაიდის“ აგრესიული მოწინააღმდეგეების მხრიდან ძალადობის სამიზნე გახდა. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებს ბოთლები და ჯოხები დაუშინეს. ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ინფორმაციით, 15 ჟურნალისტი დაშავდა. ამ დროისთვის მედიების რამდენიმე წარმომადგენელი კლინიკაშია გადაყვანილი.