თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. დაუშვებელია ძალადობა, განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და, ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას, ეს მიუღებელია! ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) „პრაიდი-კვირეულის“ ფარგლებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე დასკვნითი ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავს.
ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ მდებარე ტერიტორიაზე დაძაბული ვითარებაა. სასულიერო პირები და „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ისინი დღეს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს რუსთაველის გამზირზე შეკრების საშუალებას არ მისცემენ.
კუჭავას განცხადებით, სახელმწიფო დაიცავს წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას.
„მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
დემონსტრანტები აგრესიულად არიან განწყობილი მასმედიის წარმომადგენლების მიმართ და მათ აქციაზე მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. მათ ჟურნალისტებს ბოთლები და ქვები ესროლეს. ბოლო ინფორმაციით, დაშავდა ათამდე ჟურნალისტი.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას მიზანშეუწონლად მიაჩნია „ღირსების მარშის“ ჩატარება, რადგან იგი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის შემცველია, და ღონისძიების ორგანიზატორებს ალტერნატიული ლოკაციების გამოყენება შესთავაზა.