„თბილისი პრაიდი": „ღირსების მარში" აღარ გაიმართება

გამოცხადებულია ომი სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ, აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი  — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის" გადაწყვეტილებით დღეს დაგეგმილი „ღირსების მარში" არ გაიმართება, აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
როგორც „თბილისი პრაიდის" განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების დღევანდელმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ  ცხადყო, რომ მათ არ სურთ საკუთარი პირდაპირი ვალდებულების აღსრულება. 
სახალხო დამცველი შსს-ს ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებს
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც „თბილისის პრაიდის“ მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფისთვის  ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ადამიანის ძირითადი უფლებების დასაცავად შესაბამისი ეფექტური ზომები არ გაატარა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები აცხადებენ, ორგანიზაციის წევრები საფრთხის წინაშე იმყოფებიან, აგრესიის საშიშროების წინაშეა ასევე ლგბტ–თემის მხარდამჭერები, მედიის წარმომადგენლებზე კი გამოცხადებულია „ნადირობა“.
„დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ შსს ადეკვატურად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რადგან ვხედავთ, რომ ისინი არ რეაგირებენ მათ თვალწინ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, სიძულვილის უზარმაზარი ტალღა კი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, სწორედ ხელისუფლებისა და საპატრიაქროს მიერაა შთაგონებული და მხარდაჭერილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის ლიდერების თქმით, „ღირსების მარში“ აუცილებლად გაიმართება, მაგრამ არა დღეს.
„ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც მიუხედავად სიძულვილის ჯგუფების, საპატრიარქოსა და ხელისუფლების გააფთრებული წინააღმდეგობისა, არ შეწყდება! ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ღირსებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ რუსთაველზე კონსერვატიულ–რადიკალური ორგანიზაციები და დაჯგუფებები გამოვიდნენ, რომლებიც „ღირსების მარშის“ აკრძალვას მოითხოვენ.