ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი ამოქმედდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია Sinopharm-ის ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ელექტრონული პორტალი https://booking.moh.gov.ge რომლის საშუალებით საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრირდებიან, აღდგენილია და ფუნქციონირებს, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
გუშინ რეგისტრაციის პორტალზე და ასევე სამთავრობო ვებგვერდ https://stopcov.ge/-ზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ყოველდღიურ სტატისტიკას აქვეყნებს, ძლიერი კიბერშეტევა განხორციელდა. სპეციალისტები ამ დრომდე დაზიანების გამოსწორებაზე მუშაობდნენ.
„ამ დროისათვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია Sinopharm-ის ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად იზრუნონ COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ჯავშნის რეგისტრაციაზე მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ქოლ-ცენტრების მეშვეობით გახდება შესაძლებელი
შაბათს 12:00 საათზე პორტალზე https://booking.moh.gov.ge ვაქცინა Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პორტალი მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობდა, რადგან მასზე მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. მოქალაქეებმა ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს. იგივე მიზეზით შაბათს დაგვიანდა, დღეს კი აქამდე არ მომხდარა მონაცემების განახლება პორტალ stopcov.ge-ზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია) მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.
საქართველო მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება 5 ივლისს იგეგმება.
ივლისში ასევე უნდა შემოვიდეს Pfizer-ის ვაქცინა. ამგვარად, წლის ბოლომდე ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 მილიონამდე დოზა ექნება.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის აცრილია 266.161 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) 104.196 მოქალაქეა ვაქცინირებული.