სიმსივნე, გული, კორონავირუსი - საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზები 2020 წელს

გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - მათ 22,1 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. კორონავირუსი აღმოჩნდა მეოთხე ადგილზე 2020 წელს საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზებს შორის - ლიდერებშია სიმსივნე და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნათქვამია კვლევაში, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.
საქართველოში ცხოვრების დონე დაეცა COVID-19 პანდემიის დროს: ახალი სტატისტიკა
„საქსტატის“ მონაცემებით, დაავადებების შედეგად 2020 წელს საქართველოში 50,5 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზია სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები, მათ 22,1 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა (შემთხვევების 43,8%).
მეორე ადგილზეა სხვადასხვა სახის სიმსივნეები. კიბომ 8 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (პაციენტების 16%).
მესამე ადგილზეა სასუნთქი გზების დაავადებები. მათ 4 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი, რომლის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეოთხე ადგილზეა - მას შეეწირა დაახლოებით 2,6 ათასი ადამიანი (გარდაცვალების შემთხვევების 5,1%).
მეხუთე ადგილს იკავებენ ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - 2,2 ათასი გარდაცვლილი ადამიანი.
შემდეგ გარდაცვალების მიზეზებს შორისაა საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები; ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები; ინფექციები.
გარდა ამისა, 2020 წელს დაფიქსირდა დაახლოებით 6,5 ათასი გარდაცვალება, რომლის მიზეზად დასახელდა კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში.

გარდაცვლილთა განაწილება ასაკის და გარდაცვალების მიზეზების მიხედვით

უმუშევრობა საქართველოში კვლავ იზრდება – სტატისტიკის ახალი მონაცემები
2020 წელს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე მოდის - გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი ამ ასაკში გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იმსხვერპლა.
სიმსივნე როგორც გარდაცვალების მიზეზი ფიქსირდება ყველაზე ხშირად 55-59 ასაკის პაციენტებში, მასზე ამ ასაკში გარდაცვალების შემთხვევების თითქმის მესამედი მოდის, მეორე მესამედია - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
2020 წელს ტრავმებისა და მოწამვლების გამო გარდაცვალება ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა 25-29 წლის ასაკის პირებში - ამ ასაკში გარდაცვალების შემთხვევების 60%-ზე მეტი ამ მიზეზით მოხდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ტრავმებისა და უბედური შემთხვევების მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდებიან 5-39 წლის ადამიანები, ხოლო 40 წელს გადაცილებული ადამიანების გარდაცვალების ყველაზე ხშირ მიზეზებს შორისაა სიმსივნე და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.