თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. საქართველოს მოსახლეობა არ უნდა დაელოდოს Pfizer-ის ჩამოტანას და დაიწყოს ვაქცინაცია უკვე არსებული ჩინური ვაქცინებით, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ჩინურმა ვაქცინამ თავისი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა.
„რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ მილიონი დოზა Pfizer-ი შემოდის, შესაძლოა მოქალაქეების გარკვეული ნაწილი წაახალისოს იმისკენ, რომ დაელოდონ Pfizer-ს, მაგრამ ჩინურმა ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა, მას ჰყავს უკვე თავისი მომხრეები, ის უსაფრთხოა. ჯამში აქტივობა იქნება და ეს აქტივობა იქნება მზარდი. ვერც ერთმა ქვეყანამ, გარდა ამერიკისა და ისრაელისა ვერ უზრუნველყო და ვერ შეძლო, რომ მთელი მოსახლეობისთვის საკმარისი Pfizer-ის დოზა ჩამოეტანა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ცერცვაძემ.
მთავარი ინფექციონისტის თქმით, სარეგისტრაციო პორტალზე შეფერხება სრულად აღმოიფხვრება და მასობრივი ვაქცინაცია გეგმის მიხედვით ხვალ დაიწყება.
„შეფერხება ხშირად არის და არა მარტო ვაქცინაციის პროცესში და ვაქცინაციის საიტზე, არამედ გაცილებით უფრო დაცულ საიტებზეც, მაგრამ თუ ეს არ გამოსწორდა არსებობს სარეზერვო გეგმები, რომ ადგილზე მოხდეს რეგისტრაცია, არის სარეზერვო გეგმები, რომ იქნება ცოცხალი რიგის პრინციპი, რომელიც ნაკლებად კომფორტულია, მაგრამ არ არის პრობლემა და მე არ მგონია, რომ არ გამოსწორდეს, ტექნიკური პრობლემები სწორდება რამდენიმე საათში ან დღეში. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება“, - განაცხადა ცერცვაძემ.
შაბათს 12:00 საათზე პორტალზე https://booking.moh.gov.ge Sinovac-ის და Sinopharm-ის ვაქცინებზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პორტალი მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობდა, რადგან მასზე მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. მოქალაქეებმა ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს. იგივე მიზეზით შაბათს დაგვიანდა, დღეს კი აქამდე არ მომხდარა მონაცემების განახლება პორტალ stopcov.ge-ზე.
დღეს დილით სარეგისტრაციო პორტალის მუშაობა ნაწილობრივ აღდგა, მაგრამ რეგისტრაციისას მოქალაქეებს პრობლემები ექმნებოდათ. დღის მეორე ნახევარში მოქალაქეების ნაწილი დარეგისტრირდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია) მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება 5 ივლისს იგეგმება.
ივლისში ასევე უნდა შემოვიდეს Pfizer-ის ვაქცინა. ამგვარად, წლის ბოლომდე ქვეყანას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 მილიონამდე დოზე ექნება.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის აცრილია 266.161 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) 104.196 მოქალაქეა ვაქცინირებული.