თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანა და ვაქცინაციის ახალი გეგმა პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სისტემის დიდი წარმატებაა, განაცადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობაში აცხადებენ, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა.
„პრემიერ-მინისტრის და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ვაქცინების სხვადასხვა მწარმოებელ კომპანიასთან პირდაპირი მოლაპარაკებები და მაღალი დონის ჩართულობა სწორი ტაქტიკა იყო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესზე არამხოლოდ მოქალაქეთა ჯანმრთელობა, არამედ ქვეყნის ეკონომიკა და ქვეყანაში უამრავი ოჯახის სოციალური მდგომარეობაა დამოკიდებული.
არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებმაც პანდემიის მართვის პროცესში დიდი როლი ითამაშეს. მან ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ექიმებსა და ექთნებს.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა, დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა 266.161-მა პირმა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 104.196 მოქალაქე.