თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, იუწყება „პირველი არხი“.
ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა. დღეს 12:00 საათზე პორტალზე https://booking.moh.gov.ge ვაქცინა Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პორტალი დილიდან არ მუშაობს, მოქალაქეები რეგისტრაციას ვერ ახერხებენ. იგივე მიზეზით დაგვიანდა მონაცემების განახლება პორტალ stopcov.ge-ზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს ყოველდღე აქვეყნებს.
ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და რამდენიმე საათში უნდა აღმოიფხვრას პორტალზე არსებული პრობლემა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია) მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება.
დღეს Sinopharm-ზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, ხოლო 5 ივლისიდან მთავრობა მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს.