თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. სამთავრობო ვებგვერდზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკას აქვეყნებს, ხარვეზი დაფიქსირდა - ბაზაში შეფერხების გამო დღეს კოვიდსტატისტიკა ჯერ არ განახლებულა.
ასევე შეფერხებაა ვებგვერდზე https://booking.moh.gov.ge/, სადაც კოვიდ-ვაქცინებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს.
Sinopharm–ით ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისს 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით რეგისტრაცია არ დაწყებულა.
საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm–ისა და Sinovac–ის 1 მილიონი დოზა ვაქცინა პარასკევს მიიღო. მთავრობა აცხადებს, რომ ერთი თვის შემდეგ ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატების დამატებითი 500 ათასი დოზა შემოვა. ხელისუფლების გეგმებშია ყოველდღიურად 20–25 ათასი ადამიანისთვის აცრის ჩატარება.
საქართველოში ივლისში ასევე შემოვა Pfizer–ის ვაქცინას. ასე რომ, საქართველო წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო 4 მილიონამდე დოზას მიიღებს, აცხადებენ მთავრობის წარმომადგენლები.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროცესი 5 ივლისიდან დაიწყება.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად მსურველი უნდა ეწვიოს ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკოს ნომერზე 15 22.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა 266.161-მა პირმა, აქედან სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 104.196 მოქალაქე.