ხილ-ბოსტნეულში ნიტრატები სულ უფრო ნაკლებია

ზაფხულის დადგომის და ხილ-ბოსტნეულზე გაზრდილი მოთხოვნილების შესაბამისად სურსათის ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში ნიტრატების შემცველობაზე კონტროლს ამკაცრებს.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხილ-ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობის შესწავლის ფარგლებში 16 დარღვევა გამოავლინა, იუწყება სააგენტოს პრეს-სამსახური.
სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების პროდუქტების სარეალიზაციო დიდ და მცირე ობიექტებში 100 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიულმა კვლევებმა 16 დარღვევა აღმოაჩინა, ძირითადად – ჭარხალში. ექსპერტებმა ამ პროდუქციის რეალიზაცია აკრძალეს იმ მაღაზიებში, სადაც დარღვევები გამოვლინდა.
მოსახლეობის საყურადღებოდ! უფრთხილდით იმპორტირებულ პომიდორს და ხორცს
სააგენტოს ხელმძღვანელის ვასილ ბასილაძის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში ხილსა და ბოსტნეულზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, სააგენტო ინტენსიურად ამოწმებს პროდუქტებს ნიტრატების შემცველობაზე. მისი თქმით, გაძლიერებული კონტროლისა და ფერმერებისა და ბიზნეს-რეალიზატორების გაზრდილი ინფორმირებულობის წყალობით დარღვევების რაოდენობა შემცირდა, თუმცა სპეციალისტები მაინც ავლენენ გარკვეულ შეუსაბამობებს.
წინა წლებთან შედარებით დარღვევები შემცირდა. სააგენტოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ფერმერებთან და ბიზნეს-სექტორთან, გააქტიურებულია კონტროლი, აღნიშნა ბასილაძემ.
ბოლო შემოწმებისას ნიტრატები არ აღმოჩნდა საზამთროსა და ნესვში.