ლოკარნოს კინოფესტივალზე ერთდროულად ორი ქართული ფილმია წარდგენილი

კანის, ვენეციისა და ბერლინის კინოფესტივალების შემდეგ ლოკარნოს კინოფესტივალი თავისი მნიშვნელობით ევროპაში მეოთხეა.
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმია წარდგენილი – სალომე ჯაშის „მოთვინიერება" და ელენე ნავერიანის „სველი ქვიშა", აღნიშნულია კინოფესტივალის ვებ-გვერდზე.
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ფესტივალია. 1946 წლიდან ის ყოველწლიურად აგვისტოში შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში იმართება.
ევროპის მასშტაბით ლოკარნოს ფესტივალი, კანის, ვენეციისა და ბერლინის ფესტივალების შემდეგ, მიჩნეულია მნიშვნელობით მეოთხე კინოფესტივალად. მან გზა დიდ კინოში არაერთ რეჟისორს გაუხსნა, მათ შორის - კლოდ შაბროლს, სტენლი კუბრიკს, პოლ ვერხოვენს, მილოშ ფორმანს, მარკო ბელოკიოსა და სხვ.
„მონანიება“ კანის კინოფესტივალზე ბრუნდება
კინოფესტივალი ოფლაინ-რეჟიმში 4-14 აგვისტოს გაიმართება.
ნავერიანის „სველი ქვიშა" წარდგენილია კინოფესტივალის სექციაში Concorso Cineasti del presente. სურათი მოგვითხრობს შავის ზღვის სანაპიროს სოფელზე, სადაც კეთილგანწყობილი მეზობლები ფიქრობენ, რომ კარგად იცნობენ ერთმანეთს. მაგრამ ერთხელ ერთ მცხოვრებ ქალ ელიკოს ჩამომხრჩვალს პოულობენ. მისი შვილიშვილი მო, რომელიც დაკრძალვაზე ჩადის, მოულოდნელად სიცრუის ქსელსა და ბებიის იდუმალი სიყვარულის ტრაგიკულ შედეგებს აწყდება. ფილმი შვეიცარიისა და საქართველოს ერთობლივი ნაწარმოებია.
სალომე ჯაშის ფილმი წარდგენილი იქნება სექციაში „პანორამა". „მოთვინიერება" – ესაა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ უნიკალური ხეების გადარგვის სადავო და თითქმის სიურრეალისტური პროცესის ისტორია. ფილმი შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია.
მთავარი პრიზის - „ოქროს ლეოპარდისთვის" 17 ფილმი იბრძოლებს.