თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. უიმბლდონის ღია პირველობაზე წყვილთა თანრიგის პირველ რაუნდში ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ პირველი შეხვედრა მოიგო.
30 წლის ქართველი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირზე რუს ვარვარა გრაჩოვასთან ერთად ასპარეზობს. ოქსანა-ვარვარას დუეტი პირველ წრეში სამანტა მარეისა და ნაიხტა ბეინსის წყვილს დაუპირისპირდა. შეხვედრა საათ-ნახევარი გაგრძელდა, რა დროშიც კალაშნიკოვამ და გრაჩოვამ მეტოქე წყვილი 6:3, 6:4 დაამარცხეს.
კალაშნიკოვა-გრაჩოვას წყვილი შემდეგ შეხვედრას 1/16-ფინალურ ეტაპზე ყაზახი ზარინა დიასისა და ავსტრალიელი არინა როდიონოვას წინააღმდეგ გამართავს. ამ მოთამაშეებმა პირველ ეტაპზე ყველასთვის მოულოდნელად მეორე ნომრად განთესილი ბაბოში/მლადენოვიჩის წყვილი დაამარცხეს.
უიმბლდონს უკვე დაემშვიდობა ნიკოლოზ ბასილაშვილი. საქართველოს პირველი ჩოგანი თავდაპირველად ერთეულთა თანრიგში ლეგენდარულ ენდი მარისთან დამარცხდა. ბასილაშვილმა გამარჯვება ვერც წყვილებში მოიპოვა, სადაც რადუ ალბოტთან იყო შეწყვილებული. ქართველისა და მოლდოველის დუეტმა 1/32 ფინალში შეხვედრა იტალიელ ტრავალიასა და უნგრელ მარტინ ფუჩოვიჩთან დათმო. წყვილებს შორის დაპირისპირება ანგარიშით 6:3, 2:6, 2:6 დასრულდა.