თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. გერმანიაში ლეგალურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სახელით გერმანულმა საკონსულტაციო სამსახურმა ქალაქ ფრიდრიხსჰაფენის შრომითი დავების სასამართლოში სამუშაო ანაზღაურების საკითხზე სარჩელი შეიტანა, იუწყება „პირველი არხი“.
საკონსულტაციო სამსახური „მირა“, რომელმაც სასამართლოში სარჩელი შეიტანა, გერმანიაში ლტოლვილი და მიგრანტი პირების შრომით უფლებებს იცავს. სამსახური შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური სამინისტროს მიერ ფინანსდება.
დასაქმების მსურველთა პირველი ნაკადი გერმანიაში აპრილის შუა რიცხვებში გაემგზავრა. მაგრამ ერთი თვის შემდეგ გაერთიანებულმა პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები ირღვევა და მათ ცხოვრება და მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ.
საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ", რითიც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს. საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.
კონტრაქტის მიხედვით, დასაქმებული მოქალაქეების საცხოვრებელი სამუშაო ადგილთან ახლოს უნდა იყოს და მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 6–15 ევროს. ჯანმრთელობის დაზღვევას გერმანელი დამსაქმებლები უზრუნველყოფენ – იქნება ეს ტრავმა, კორონავირუსი თუ სხვა შემთხვევა.
გერმანიაში დასაქმების პროგრამით წასული მოქალაქეების ნაწილი მაისის შუა რიცხვებში ქართულ მედიას დაუკავშირდა, მათ აცნობეს შრომის აუტანელ პირობებზე და დახმარება სთხოვეს. გერმანიის შრომისა და სოციალური საკითხების ფედერალურმა სამინისტრომ ერთი კვირის შემდეგ პირობა დადო, რომ გერმანიაში ლეგალურ სამუშაოზე გამგზავრებული საქართველოს მოქალაეების შრომის პიროებები დაუყოვნებლივ გამოსწორდება არსებული სტანდარტების შესაბამისად.
თუმცა, ივნისის დასაწყისში მედიაში ისევ გამოჩნდა საქართველოს მოქალაქეების ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი შრომის პირობები მცირედითაც არ გაუმჯობესებულა – საყოფაცხოვრებო პირობები მძიმე რჩება, ხოლო ხელფასი – დაპირებულზე დაბალი.