მათი მონაცემებით, GETTR-ის სათავეში დონალდ ტრამპის ყოფილი პრეს-მდივანი ჯეისონ მილერი დგას. იმავეს ადასტურებს თავისუფალი ინტერნეტ-ენციკლოპედია „ვიკიპედიაც“, სადაც დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა ჩანაწერი ახალი სოციალური ქსელის შესახებ.
ამ დროისათვის GETTR-ის დანართი, რომელიც ბეტა-ტესტირების სტადიაზეა, უკვე არის App Store-ზე. როგორც მის აღწერილობაშია ნათქვამი, ეს არის „მიუკერძოებელი სოციალური ქსელი მთელი მსოფლიოს ადამიანებისთვის“.
პლატფორმა ძალიან ჰგავს Twitter-ს ახალი ამბების ლენტითა და კომენტარების გაკეთებისა თუ პოსტების დადების ფუნქციებით, აქვს მსგავსი საძიებო ფუნქციაც.
აქვს თუ არა GETTR-თან კავშირი დონალდ ტრამპს, ან რა დონითაა ჩართული ის ამ სიახლეში, ჯერჯერობით გაურკვეველია. თუმცა სოციალურ ქსელში უკვე არის „ტრამპის გუნდის“ აკაუნტი, რომელზეც სამი პოსტია გამოქვეყნებული — ექს-პრეზიდენტის ფოტოებითა და ტექსტებით, რომლებშიც ტრამპს ხოტბა აქვს შესხმული, ხოლო მის მოწინააღმდეგეებს აკრიტიკებენ.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის იანვარში, ვაშინგტონში მომხდარი არეულობის შემდეგ, სოციალურმა ქსელებმა, მათ შორის Twitter-მა და Facebook-მა, სამუდამოდ დაბლოკეს დონალდ ტრამპის აკაუნტები, დასდეს რა ექს-პრეზიდენტს ბრალი კაპიტოლიუმზე შეტევის წაქეზებაში.