თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კომპეტენტურ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს მოუწოდებს, გაატარონ ღონისძიებები, რაც „ღირსების მარშის" მონაწილეების უსაფრთხოებას, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებს რეალურად დაიცავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები და თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის" ჩატარება. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად".
ნინო ლომჯარია მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.
„განსაკუთრებულ ყურადღებასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადებები", – აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მშვიდობიანი პროტესტი თუ სოლიდარობის აქტი, მისი შინაარსის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციითაა დაცული, მისი უზრუნველყოფის ვალდებულება კი ხელისუფლებას ეკისრება.
„ამის საპირისპიროდ მაღალი თანამდებობის პირები ხელს უწყობენ საკითხის პოლიტიზებას და თემის წევრების უსაფრთხოების დაცვის გარანტად თავად თემის უფლებების შეზღუდვას წარმოაჩენენ", – ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ წლებია სახელმწიფოს მხრიდან ჰომო/ტრანსფობიურად განწყობილი ადამიანების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებსა და სავარაუდო დანაშაულებზე რეაგირება უმეტეს შემთხვევაში ფრაგმენტული და არაეფექტიანია.
„ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლას აპირებენ. კონტრაქციის მონაწილეებს წინა დღეს, 4 ივლისს რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა სურთ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კონსერვატიული პარტია „ერის" დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ ხელისუფლებას „გარყვნილების პროპაგანდის" ამკრძალავი კანონის მიღება მოსთხოვა.
ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქოც.
პრაიდი ლგბტ კულტურის ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. 2013 წლის 17 მაისს საქართველოში ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს. მათი ქმედებების შედეგად დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა. იმ დროიდან ლგბტ-თემის დამცველების აქციები პოლიციის ძლიერი დაცვით იმართება.