თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოში ელექტროქსელების აბონენტები მიმდინარე თვეში ერთის ნაცვლად ორ ქვითარს მიიღებენ, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა სალომე ჯანელიძემ.
აბონენტებს თბილისში „თელასის" ნაცვლად მოემსახურება „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" („თელმიკო"), ხოლო რეგიონების მოსახლეობას Energo-pro Georgia-ს ნაცვლად – „ეპ ჯორჯია". ეს ცვლილებები სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება.
ჯანელიძის თქმით, ივლისში მომხმარებლები ერთ ქვითარს „თელასიდან“ 1 ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიისთვის მიიღებენ, მეორეს - „თელმიკოსგან“ 1 ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიისთვის.
„ყველა მომხმარებელს უნდა ესმოდეს, რომ მათ ელექტრომომარაგებას არაფერი ემუქრება. ისინი ზუსტად ისევე იქნებიან უზრუნველყოფილი უწყვეტი ელექტრომომარაგებით, როგორც - ახლა. ამ მხრივ, მათთვის არაფერი შეიცვლება. მომხმარებლები ორ ქვითარს მიიღებენ მხოლოდ და მხოლოდ ამ თვეში, ეს არის გარდამავალი პერიოდი“, - განაცხადა სალომე ჯანელიძემ.
საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი 1 იანვრიდან გაიზარდა. სემეკის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ კვტ/სთ–ზე გაიზარდა 3,5 თეთრით და 26.537 თეთრი შეადგინა ელექტროენერგიის დანახარჯის მიხედვით.