თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ძალადობისა და სიძულვილის ენის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში „პრაიდის კვირეულს".
მისი განცხადებით, ძალადობა და ზეწოლა დაუშვებელია და ეს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა.
„ეს მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის", – განაცხადა პრეზიდენტმა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ტოლერანტობა ქართველი ერის იდენტობის ნაწილია.
„ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ასევე მიმაჩნია, რომ ყველას აქვს უფლება გამოსვლის. ასევე „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში", – განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" (Tbilisi Pride) 1-5 ივლისს პრაიდ-კვირეულს ატარებს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია თემატური ღონისძიებები და თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის" ჩატარება. მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად".
„ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეები აქციისთვის ხელის შეშლას აპირებენ. კონტრაქციის მონაწილეებს წინა დღეს, 4 ივლისს რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა სურთ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კონსერვატიული პარტია "ერის" დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ ხელისუფლებას „გარყვნილების პროპაგანდის" ამკრძალავი კანონის მიღება მოსთხოვა.
ლგბტ ორგანიზაციების ღონისძიებების წინააღმდეგ ღიად გამოდის საქართველოს საპატრიარქოც.
ამავდროულად არასამთავრობო სექტორმა და საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ევროპარლამენტარებმა, ქვეყნის შსს-ს მოუწოდეს, მიიღოს ყველა ზომა ძალადობისა და არეულობის აღსაკვეთად.