მიწების თაღლითური დაუფლება: პროკურატურამ სამ პირს ბრალი წარუდგინა

ბრალდებულები სოფელ წოდორეთში არსებულ მიწის ნაკვეთებს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაეუფლნენ, მათ ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წოდორეთში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების დაუფლების ფაქტებზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოფელი წოდორეთი ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს და ამ ტერიტორიაზე მიწის ერთი კვადრატული მეტრის ფასი 55 დოლარიდან 90 დოლარამდე მერყეობს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით წოდორეთში მდებარე მიწის ნაკვეთებს თაღლითურად დაეუფლნენ. საუბარია დაახლოებით 8 ათასი კვ. მ მიწის ნაკვეთებზე, თითოეული მათგანის ღირებულება კი ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს. საერთო ჯამში ბრალდებულებმა სახელმწიფო დაახლოებით 1,27 მილიონი ლარით აზარალეს.
ყალბი საბუთები და ე.წ. ატკატები: საქართველოში თაღლითების ჯგუფი დააკავეს
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული გუშინ დააკავეს. მათ ბრალდება თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნული მიწის ნაკვეთები პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაყადაღებულია.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.