თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.
ადვოკატის განცხადებით, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.
გოგი წულაია საპატიმროს დღესვე დატოვებს.
პოლიციამ გოგი წულაია დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე მიმდინარე წლის 17 მარტს დააკავა. გამოძიების ვერსიით, წულაიამ თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში თავის ნაცნობ 42 წლის ქალზე იძალადა.
თავად წულაია, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხმაურიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, ძალადობის ფაქტს უარყოფს და მიიჩნევს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს, რაც მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.
თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა მოგვიანებით წულაიას ბრალი დაუმძიმდა და მას ბრალდება სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც „ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას" გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.