თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც დღესაა, აცხადებენ ერთობლივ მიმართვაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები.
ქართველი მოსამართლეები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ბოლო დროს მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული, უაღრესად არაჯანსაღი პროცესები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული.
„მიუხედავად აღნიშნული მიღწევებისა, სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული, მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია, რომელშიც ჩართული არიან ცალკეული პოლიტიკური პარტიები, მათი გავლენის ქვეშ მოქმედი მედიასაშუალებები და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები", - აღნიშნულია მიმართვაში.
მოსამართლეთა განცხადებით, არცერთი ეს კამპანია არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას, რომ სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების რეალიზების თვალსაზრისით საქართველოში რაიმე სისტემური პრობლემა არსებობს.
მიმართვაში, რომელსაც 300-ზე მეტი მოსამართლე აწერს ხელს, აღნიშნულია: „ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვდგავართ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ვართ სამართლის ერთგულნი და ღირსებით ვემსახურებით მისი აღსრულების საქმეს".
მაგალითისათვის, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში 15-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი; 82 პროცენტიდან 51 პროცენტამდე შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; 48 პროცენტიდან 75 პროცენტამდე გაიზარდა კერძო პირთა სასარგებლოდ გადაწყვეტილი საგადასახადო დავების მაჩვენებელი; 17 პროცენტიდან 5 პროცენტამდე შემცირდა სახდელდადებულ პირთათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; მკვეთრად (რამდენჯერმე) შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა და ა.შ.
მოსამართლეები მოუწოდებენ ყველას, „შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, სასამართლო ხელისუფლებას მისცენ კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესაბამისად მოქმედების შესაძლებლობა და ჩაერთონ ჯანსაღ დისკუსიაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად".
სასამართლო სკანდალი
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით ახალი გამჭვირვალე პროცედურების შემუშავებამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა ამჟამად მოქმედი წესებით.
მიუხედავად ამ შეთანხმებისა და ოპოზიციის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ დიპლომატიური კორპუსის მოწოდებებისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა მოსამართლეების კანდიდატებს და მზადაა ათკაციანი სია პარლამენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად.
ოპოზიციურ ძალებს, რომლებმაც 2021 წლის 19 აპრილს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, მიაჩნიათ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის შეჩერება მანამ, სანამ პარლამენტი არ შეიმუშავებს შეთანხმებით გათვალისწინებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და არ გაატარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების არჩევა.
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის სფერო, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები ყველაზე მეტად აკრიტიკებენ. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, გაეტარებინათ მართლმსაჯულების სისტემაში საფუძვლიანი რეფორმა, მანამ კი თავი შეეკავებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისგან.