კრედიტები ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება

„შეღავათიანი აგროკრედიტის" წყალობით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში 300 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით ფერმერების დახმარების სახელმწიფო პროგრამებში უფრო მეტი მცირე მეწარმის ჩართვას აპირებს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი 18-ჯერ გაიზარდა

უწყება აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ამისთვის ფერმერების დახმარების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია „შეღავათიანი აგროკრედიტი", რომელიც ფერმერებისთვის დაბალი განაკვეთის მიზნობრივი კრედიტების გაცემას უზრუნველყოფს.

„ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალი დიდია და, ვფიქრობთ, ამ მიმართულებით თანამშრომლობის სივრცე არსებობს. ჩვენი ამოცანაა, ადგილობრივი მოსახლეობა საწარმოო ჯაჭვში, გარანტირებული შესყიდვების მოდელით, მაქსიმალურად იყოს ჩართული. უახლოეს პერიოდში მწარმოებლებთან ერთად დავამუშავებთ ახალ პროექტს, რომელიც ადგილობრივი მცირე მეწარმეების, მცირე ფერმერების საკრედიტო რესურსებზე წვდომის საშუალებას გაზრდის", - განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.

მინისტრი ქარელის მუნიციპალიტეტში, კომპანია „მაგალის" თანამედროვე სტანდარტის სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდა. კომპანია სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის" ბენეფიციარია. კრედიტის ოდენობაა 1,5 მლნ ლარი.

საქართველო აპირებს უფრო აქტიურად გამოიყენოს „მწვანე ენერგეტიკა“ სოფლის მეურნეობაში

მეურნეობაში ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს 80 სათბურია, საიდანაც 500 ტონა მოსავალს ელოდებიან. პროდუქციის გადამუშავება სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილ შპს „გლენბერის" საწარმოში ხორცილედება. საბოლოო პროდუქტი ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის. სასათბურე მეურნეობაში 150 ადამიანია დასაქმებული.

„შეღავათიანი აგროკრედიტის" წყალობით სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორში 300 მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული. 2020 წლის განმავლობაში 372 მლნ ლარზე მეტი ოდენობის 6,2 ათასი კრედიტი გაიცა. სააგენტოს თანადაფინანსებამ 64,3 მლნ ლარი შეადგინა.

პროექტი ჩართულია 13 ბანკი და ოთხი სალიზინგო ორგანიზაცია.