კალაძე: თბილისში ქაოსურ განაშენიანებას წერტილი დაესვა

დედაქალაქის მერი მოსახლეობას ჰპირდება, რომ თბილისში მშენებლობებს არც ერთი სარეკრეაციო ზონა და სპორტული მოედანი არ შეეწირება.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. მეამაყება, რომ წერტილი დავუსვით ქალაქის ქაოსურ განაშენიანებას, რომელიც სერიოზული პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მშენებლობები სახლების „ჩატენის" პრინციპით და თბილისი, რომელსაც „ფილტვები აღარ აქვს“>>

კალაძე პირობას დებს, რომ თბილისის მერია ქალაქის ქაოსურ განვითარებას არც მომავალში დაუშვებს. მისი თქმით, მიღებულია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ქალაქში მაქსიმალურად შენარჩუნდეს მწვანე სივრცე, განხორციელდეს ახალი პროექტები და სამუდამოდ დასრულდეს მშენებლობის მავნე პრაქტიკა.

თბილისში სამშენებლო ამნისტია გამოცხადდება: პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები დაიწყო

„მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, რომ ჩვენ წერტილი დავუსვით ქალაქის ქაოსურ განაშენიანებას, რომელიც სერიოზული პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის... არც ერთ რეკრეაციულ სივრცეში, არც ერთი სპორტული მოედნის ხარჯზე არ ხდება მშენებლობები. რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაგრძელდება", – განაცხადა მერმა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, 2017 წელს მერიის სლოგანი იყო – „სიცოცხლით სავსე ქალაქი", რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავდა, მათ შორისაა ურბანული პოლიტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა, გარემოს დაცვის პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკა და ა.შ.

მერია აცხადებს, რომ ბრძოლა ქაოსურ განაშენიანებასთან - თბილისის მერიის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. არჩევისთანავე თბილისის მერმა კახა კალაძემ დაიწყო ინსტიტუციონალური რეფორმის გატარება, რომლის შედეგად შეიქმნა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური. გარდა ამისა, წლების შემდეგ დამტკიცდა ქალაქის ახალი გენგეგმა.