ღარიბაშვილი: უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს

საქართველო მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება, რომელიც ივლისში უნდა დაიწყოს. ჯანდაცვის სამინისტრო პირობას დებს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინების დიდი არჩევანი ექნებათ.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.

საქართველო ივლისიდან მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს. ეპიდემიოლოგების გათვლებით, ვაქცინაციის დღიურმა მაჩვენებელმა 20 ათასს უნდა მიაღწიოს, რათა წლის ბოლომდე მოსახლეობის 60–70% იყოს აცრილი.

საქართველოში 16 წელს ზემოთ პირთა ვაქცინაცია იგეგმება

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ივლისის პირველ დღეებში, როდესაც ქვეყანა მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს.

„აცრის ინფრასტრუქტურის, ამცრელი ბრიგადების რაოდენობის თუ რეგისტრაციის პროცესის გამართულობის კუთხით ნებისმიერი ხარვეზი დაუშვებელია", - განაცხადა ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა, დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს პერიოდში ექვსი კომპანიის ვაქცინა შემოვა. კერძოდ, ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში საქართველო სხვადასხვა კომპანიისგან 3,2 მლნ დოზა ვაქცინას მიიღებს. ქვეყანაში შემოვა ჯანმოს მიერ აღიარებული Pfizer, Sinopharm, Sinovac, Novovax, Jonson&Jonson-ის ვაქცინები.

ტიკარაძე: ივლისიდან მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 257.974 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 96.975 ადამიანი.