ქართული ანიმაციური ფილმი პრაღაში დაჯილდოვდა

14-წუთიანმა მულტფილმმა „მიტოვებული სოფელი" ჯილდო აბსტრაქტული და არანარატიული ანიმაციის კატეგორიაში მიიღო.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ქართული ანიმაციური ფილმი „მიტოვებული სოფელი" პრაღაში გამართულ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (International Festival of Animated Films) დაჯილდოვდა.

„მონანიება“ კანის კინოფესტივალზე ბრუნდება

მარიამ კაპანაძის სადებიუტო ნამუშევარმა ჯილდო აბსტრაქტული და არანარატიული ანიმაციის კატეგორიაში მიიღო (Abstract and Non-Narrative Animation).

„მიტოვებული სოფელი" 2018 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია, საპროდიუსერო კომპანიაა – საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა „კვალი XXI". მარიამ კაპანაძე ფილმის სცენარის ავტორიცაა.

14-წუთიანი ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი - მიტოვებული სოფელია, ადამიანის ერთგვარი მეტაფორა და განსახიერება. მულტფილმში ნაჩვენებია „ადამიანი", რომელსაც აღარ ახსოვს სამყაროს შექმნის არსი – სიყვარული.

„მიტოვებული სოფელი" პირველად 23 ნოემბერს იაპონიაში, ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს. ფილმმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო მიიღო.