სულ მალე პრინცი ჰარი კენსინგტონის სასახლის ტერიტორიაზე გამოჩნდება. ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა ის ლოს-ანჯელესის აეროპორტში გადაიღეს, საიდანაც ჰარი ლონდონში მიფრინავდა. ცნობილია, რომ ჰარი პრინც უილიამთან ერთად დედის მემორიალის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიებას სამეფო ოჯახის წევრები სრული შემადგენლობით დაესწრებიან, სტუმრებს შორის არ იქნება მხოლოდ მეგან მარკლი. თავად ღონისძიება კი პრინცესა დიანას 60 წლის იუბილეს ეძღვნება.
ეს იქნება პრინცი ჰარის პირველი ვიზიტი ოჯახში ქალიშვილის ლილიბეტის დაბადების შემდეგ. ამჯერად ყველას აინტერესებს, როგორი იქნება პრინცი ჰარისა და პრინცი ჩარლზის შეხვედრის მომენტი, რადგან ცნობილია, რომ მამა-შვილს დაძაბული ურთიერთობა აქვს.
ცნობილია, რომ სტუმრებს პრინცი უილიამი, ჰარი და კეიტ მიდლტონი უმასპინძლებენ.
მარტის დასაწყისში პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცეს ოპრა უინფრის, სადაც ბრალი დასდეს ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლებს რასიზმში. მათი თქმით, სამეფო ოჯახიდან ვიღაცამ, მაგრამ არა ელისაბედ მეორემ, ან პრინცმა ფილიპემ, გამოთქვა შეშფოთება მარკლის მომავალი ბავშვის კანის ფერის გამო და ამის გამო მეგანი ზოგჯერ თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა.
აპრილში სასექსის ჰერცოგი ბუკინგემის სასახლეში მივიდა ბაბუის პრინც ფილიპეს დაკრძალვაზე. ამასთან, მას დრო არ ჰქონდა ნათესავებთან სასაუბროდ და ცერემონიის შემდეგ დაუყოვნებლივ გაფრინდა შეერთებულ შტატებში ორსულ მეუღლესთან.
ბრიტანეთის პრინცი ჰარი და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი 4 ივნისს მეორედ გახდნენ მშობლები. მათ შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ლილიბეტ დიანა დაარქვეს ჰარის ბებიის, დედოფალ ელისაბედ II-ისა და მისი გარდაცვლილი დედის, პრინცესა დიანას პატივსაცემად.