თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. იტალიის ქალაქ ლეჩეში დაკარგული ლაგოდეხის მკვიდრი 42 წლის თემურ მოსაშვილი ერთ-ერთ კლინიკაში იპოვეს.
როგორც რადიო „ჰერეთის“ ეთერში დაკარგულის დამ განაცხადა, მისი ძმა ოჯახს სხვა ქართველი ემიგრანტების ოჯახის დახმარებით დაუკავშირდა.
„ჩემი ძმა სხვა ქართველი ემიგრანტების დახმარებით დაგვიკავშირდა. მან გვითხრა, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს და კლინიკაში მკურნალობენ. ასევე ამბობს, რომ როგორც კი შეძლებს, საქართველოში დაბრუნდება. სულ ეს იყო რისი თქმაც მოასწრო, ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ, სად და რა ვითარებაში იმყოფებოდა 20 ივნისის შემდეგ, თუმცა დეტალებს ოდნავ მოგვიანებით გავარკვევთ", - განაცხადა თემურ მოსაშვილის დამ.
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იტალიაში დაახლოებით ორი თვის წინ ჩავიდა, 7 დღის განმავლობაში ეძებდნენ. მან ლტოლვილთა თავშესაფარი 20 ივნისს დატოვა, და მას შემდეგ მასთან კავშირი გაწყდა.
თემურ მოსაშვილის დედა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა, საიდანაც მეორე დღეს გაიქცა.