რამდენი ვისესხეთ, რისთვის და რამდენ პროცენტში?..

საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი გაიზარდა. როგორია ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების სტრუქტურა, ყველაზე მეტი რაოდენობით რა სახის სესხია გაცემული და რა გავლენა აქვს რეფინანსირების სესხებს ლარის კურსის ფორმირებაზე...
Sputnik

სამსონ ხონელი

ეროვნული ვალუტა გამყარებას აგრძელებს... მაისის თვის მეორე ნახევრიდან დღემდე ლარმა პოზიციები უკვე 32 პუნქტით განიმტკიცა. ამ ხნის განმავლობაში ანალიტიკოსები ლარის გამყარების გამომწვევ რამდენიმე ფაქტორს ასახელებდნენ. მათ შორის იყო COVID-19-ის პანდემიის გამო ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაც და ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაც... თუმცა, მთავარ მიზეზად რეფინანსირების სესხების შემცირებას მოიაზრებდნენ... აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, რეფინანსირების სესხების მოცულობა თითქმის სამჯერ შემცირდა და გასულ კვირას 980 მილიონი დოლარი შეადგინა. არადა, სულ რამდენიმე თვის წინათ ეს მაჩვენებელი 1.7-3.3 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა. 

მოლოდინების ფასი... ანუ  რამ დაამუხრუჭა ლარი?

ანალიტიკოსთა მოსაზრებას, რომ ლარის ბოლოდროინდელი გამყარების მთავარი ფაქტორი რეფინანსირების სესხების მოცულობის მკვეთრი შემცირებაა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეც ეთანხმება...

„რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტორები − ეკონომიკის ზრდა და ტურისტების ნაკადის მატება, მაგრამ ლარის გამყარება, ძირითადად, მაინც გამოწვეულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მყისიერი აწევით – ჯერ ნახევარი და შემდეგ ერთი პროცენტული პუნქტით, რამაც რეფინანსირების სესხები მნიშვნელოვნად შეამცირა − ეს არის მთავარი ფაქტორი ...“, − განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საინტერესოა, როგორია ეროვნული ბანკის პოზიცია. კობა გვენეტაძის უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ რეფინანსირების სესხების მოცულობასა და ლარის კურსის მერყეობას შორის კავშირი არ არსებობს, ან ეს კავშირი მიზერულია. პოზიცია არც ახლა შეუცვლიათ. რეფინანსირების სესხების მოცულობით ლარის კურსის მერყეობის ახსნა არასწორია, − აცხადებენ ეროვნულ ბანკში და განმარტავენ, რომ რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის საოპერაციო ჩარჩოს მთავარი, თუმცა მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც  საბანკო სექტორის ლიკვიდობაზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, მისი აბსტრაქტულად, განყენებულად, დროის ერთ, სასურველ მონაკვეთში ანალიზი სრულ სურათს არ იძლევა, მეტიც, ასეთ დროს დიდია არასწორი დასკვნების გამოტანის ალბათობა. ნათქვამის დასტურად, ეროვნულ ბანკში კონკრეტული მაგალითიც მოჰყავთ. კერძოდ, მიმდინარე წლის 31 მარტს მილიარდ ორასი მილიონი დოლარის რეფინანსირების სესხი იყო გაცემული. დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის საშუალო საბაზრო გაცვლითი კურსი კი  3.43-3.35 ლარის ფარგლებში მერყეობდა. 

ერთი ყულაბის ამბავი, ანუ სად არის ჩვენი საპენსიო დანაზოგი?

აპრილის თვის პირველი რიცხვებიდან რეფინანსირების სესხებმა ზრდა დაიწყო და 15 აპრილს სამ მილიარდამდე ავიდა, თუმცა ზრდის მიუხედავად, ამავე პერიოდში ლარის გაცვლითი კურსი არ გაუფასურებულა. მეორე მხრივ, იანვარსა და თებერვალში, როცა რეფინანსირების სესხები ორი მილიარდ ასსამოცი მილიონიდან მილიარდ ასმილიონამდე შემცირდა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი სტაბილურად 3.30-3.32 ლარის ფარგლებში იყო. ამდენად, რეფინანსირების სესხების მოცულობით ლრის გაცვლითი კურსის მერყეობის ახსნა შინაარსობრივად არასწორი და სტატისტიკურად არამდგრადია, − აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში. ასე რომ ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ლარის გაცვლითი კურსის ფორმირებაზე რეფინანსირების სესხების შესაძლო გავლენას, ეროვნულ ბანკში უარყოფენ...

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში რფინანსირების საპროცენტო განაკვეთი ჯამურად 1.5 პროცენტით გაიზარდა და რა დასამალია, ქვეყანაში არსებული მზარდი ინფლაციის პირობებში, ანალიტკოსთა დიდი ნაწილი ეროვნული ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას ელოდა. თუმცა, კობა გვენეტაძის უწყებაში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი შეიკრიბა და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად ძალაში დატოვა... 9.5 პროცენტი.

საინტერესოა, როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება ჩვენი მოსახლეობის ნაწილზე, რომლის სესხებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული? მოსალოცი ამბავია, რომ 128.500 მომხმარებელს, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება... 

ეკონომიკა იზრდება, ლარი მყარდება... დაიკლებს თუ არა ფასები?

− კი, მაგრამ რატომ? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი და რა გაეწყობა განვმარტავ. ეს ის მომხმარებლები არიან, რომელთა საბანკო კრედიტების პროცენტი რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთზეა დამოკიდებული და შესაბამისად, მათი სესხების საპროცენტო განაკვეთიც მხოლოდ იმდენი პროცენტით იცვლება − რამდენითაც რეფნანსირების სესხების საპროცენტო განაკვეთი...

ახლა ურიგო არ იქნება, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების საკრედიტო პორტფელი გავაანალიზოთ. ვეცდები, ვუპასუხო კითხვებს − რა მოცულობის, რა ტიპის სესხებია გაცემული და რამდენ პროცენტში, ზოგადად მზარდია თუ არა საკრედიტო პორტფელი. კითხვებზე საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მონაცემებს მოვიშველიებ...

მაშ ასე, მიმდინარე წლის 1 მაისის მდგომარეობით, როგორც აღვნიშნე, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 128500 კრედიტია გაცემული. 1 აპრილიდან 1 მასამდე პერიოდში ამ სესხების რაოდენობა 800 ხელშეკრულებით, მთლიანი პორტფელი კი - 7.423.1 მილიონიდან 7.587.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებია. არ არის გასაკვრი, ეს ტენდენცია უკვე მრავალი წელია გრძელდება. 1 მაისის მონაცემებით, რეფნანსირების განაკვეთზე 57.300 იპოთეკური კრედიტია მიბმული. მთლიანი პორტფელი 2.786.6 მილიონი ლარია. საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 11.21 პროცენტი შეადგინა. 

რამ უწამლა ლარს? ანუ რატომ მყარდება ეროვნული ვალუტა

მეორე პოზიცია 38.400 ხელშეკრულებითა და 987.9 მილიონი ლარის მოცულობის საკრედიტო პორტფელით სამომხმარებლო ტიპის კრედიტებს უკავია. ამ ტიპის სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მაისის მდგომარეობით 13.54 პროცენტი შეადგინა.

მკთხველს შევახსენებ, სამიოდე წლის წინათ, ჭარბვალიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკა შემოიღეს. დაიწყო რეფორმა, დაწესდა საბანკო რეგულაციები. შედეგად, კრედიტებზე ხელმისაწვდომობა გართულდა. მიუხედავად ამისა, როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების მოცულობა წლიდან წლამდე მზარდია. სამი წლის წინათ დეკლარირებული საკრედიტო პოლტიკის ერთ-ერთ მთავარ, მიმართულებად საბანკო საკრედტო რესურსებით ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსება გამოცხადდა. ამ კონტექსტში, ბუნებრივია, საინტერესოა, როგორია ბიზნეს–სესხების წილი ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული საკრედიტო პორტფელის საერთო მოცულობაში.

1 მაისის მდგომარეობით, ბიზნეს–სესხების გასაცემად 28.600 ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც 1 აპრილის მაჩვენებელზე 500 ხელშეკრულებით მეტია. მთლიანი პორტფელი 3.582.5 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად კომერციულმა საბანკო სექტორმა 1.102.5 მილიონი ლარი საშუალოდ 14.55 პროცენტში გასცა. ამავე პერიოდისთვის მსხვილი ბიზნესი ბანკებმა საშუალო შეწონილ 13.08 პროცენტში 2.480 მილიონი ლარით დააკრედიტეს. ბევრია ეს თუ ცოტა? მთავარია, ზრდის ტენდენციაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საბანკო სექტორში პოზიტიური განწყობა და მზაობაა, რაც შეიძლება მეტი რესურსი მოხმარდეს ქვეყნაში ეკონომიკური საქმიანობის დაკრედიტებას. სხვა დანარჩენი ცალკე სტატიის თემაა. 

ბიუჯეტში გარღვევაა?!.. ანუ კიბეებზე დასაწევი ამბავი...

ძირითად საკითხს დავუბრუნდეთ... რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული კრედიტებიდან ყველაზე მცირე რაოდენობით ავტოსესხია გაცემული. 1 მაისის მონაცემებით, 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. პორტფელის მთლიანი მოცულობა 19.6 მილიონი ლარია. ეს თანხა კომერციულმა ბანკებმა საშუალოდ 19.03 პროცენტში გასცეს.

            ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 3.400 კრედიტის მიზნობრიობა უცნობია. ამგვარი სესხების მთლიანი მოცულობა 102.9 მილიონი ლარია. ახალი საკრედიტო პოლიტიკის კიდევ ერთი მიზანი დედოლარიზაცია ანუ კომერციული ბანკების, როგორც სადეპოზიტო, ასევე საკრედიტო პორტფელში ლარის ხვედრითი წილის გაზრდა გახლდათ. ირკვევა, რომ 1 მაისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.8 პროცენტია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზეა. ის საშუალო შეწონილ 19.57 პროცენტს შეადგენს.

ერთი სტყვით, საანგარიშო პეროდში საკრედიტო პორტფელი გაიზარდა, როგორც გაცემული თანხის მოცულობით, ისე გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობით. საბოლოო დასკვნის დროა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მოსაზრებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება გაზრდილი ინფლაციური რისკების წინააღმდეგ წინა სხდომაზე, 28 აპრილს, გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა. გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია ინფლაციური პროცესები, რასაც კვლავაც თან ერთვის ლარის გაუფასურების შედეგად არსებული ეფექტები, რომელიც იმპორტს დამატებით აძვირებს და ინფლაციაში საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს. შესაბამისად ეროვნული ბანკი არ ჩქარობს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას. მეორე მხრივ, მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, წინასწარი მონაცემებით, 8.1 პროცენტია რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელსაც აღემატება. შესაბამისად, გააქტიურებულია შიდა ერთობლივი მოთხოვნა, რისი ინდიკატორიც გაზრდილი იმპორტია. 

რატომ ძვირდება ბენზინი და რა არის შესაძლო ბოლო ნიშნული?

რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, იზრდება ტურიზმიდან მიღბული შემოსავლები, თუმცა ის კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებელს. უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც იზრდება. COVD-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნამ და სახმელეთო საზღვრების გახსნამ ეკონომიკის სექტორში დადებითი მოლოდინები გააჩინა. შედეგად, სავალუტო ბაზარზე აჟიოტაჟი შეამცირდა, რაც ეროვნულ ვალუტის გაცვლითი კურსის გამყარებაში აისახა. „საზოგადოება და ბანკები“ რეკომენდაცებსაც იძლევა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული და მოქმედებებით ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება. ეს მომავალში პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციის მაჩვენებელთან... რაც შეეხება პროგნოზს, როგორც „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნშნული, მიმდინარე წელს ინფლაცია 7 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო მომდევნო წლიდან, შოკების არ არსებობის შემთხვევაში მიზნობრივი მაჩვენებლისკენ დაიწყებს დაბრუნებას...