თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
დეპარტამენტის განცხადებით, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც ინტენსიური ტრაფიკით გამოირჩევა, ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35.2 კმ-იანი გზა აშენდება.
ტრასის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება. გზის საპროექტო სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ავსტრალიელმა და ამერიკელმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე ტენდერი სამ ლოტზე გამოცხადდა.
საწყის ლოტზე (ვაზიანის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოების ტენდერი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურით წარიმართება და მასში მონაწილეობას ქართული კომპანიები დამოუკიდებლად შეძლებენ.
მომდევნო ორი ლოტის (ვაზიანი-საგარეჯოს და საგარეჯოს შემოვლითი გზის) მასშტაბურობიდან გამომდინარე, ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიასთან გაფორმდება FIDIC-ის ტიპის სამშენებლო კონტრაქტი. თუმცა ქართულ კომპანიებს ამ ლოტებზეც ექნებათ მონაწილეობის საშუალება ერთობლივი საწარმოების სახით.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისის კახეთის მიმართულებასთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. ამ მონაკვეთზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის, როგორებიცაა ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.
ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს, აღნიშნავენ უწყებაში. პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებას და საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის გაზრდას, აცხადებენ დეპარტამენტში.