მსოფლიო ეკონომიკის ტენდენციების ზეგავლენა საქართველოზე: ახალი პროგნოზი

მსოფლიო ეკონომიკაზე გლობალური ინფლაციური ზეწოლა ზეგავლენას იქონიებს ინფლაციაზე საქართველოში, აღნიშნულია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ბანკმა წარმოადგინა ანგარიში „2021 წლის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივები“, რომელშიც მსოფლიო ტენდენციებსა და სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკაზე მათ ზემოქმედებაზეა საუბარი.

მსოფლიო ბანკის 2021 წლის ივნისის ანგარიშში განხილულია საკითხი, არის თუ არა გლობალურად მზარდი ინფლაციური ზეწოლა განგაშის საფუძველი. 

რეკორდი მოხსნილია: აშშ-ში ინფლაცია მსოფლიო ეკონომიკის საფრთხედ გამოცხადდა

„2020 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული შემცირების შემდეგ, ეკონომიკური აქტივობების აღდგენასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ ნაწილში გლობალური ინფლაცია კვლავ გაიზარდოს. იმ ქვეყნების უმრავლესობაში, რომლებიც ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს იყენებენ, ის მიზნობრივ ფარგლებში დარჩება", – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, აღინიშნება, რომ განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ფასებზე ზეწოლამ შეიძლება ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად გაზარდოს.

„ასეთ შემთხვევაში, თუ ეს ზეწოლა დროებითია და ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია, მონეტარული პოლიტიკის რეაგირების აუცილებლობა არ დგას“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე აღნიშნულია, რომ ინფლაციის მოლოდინების სტაბილურად შენარჩუნება ნაწილობრივ უფრო მდგრადი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ასახვაა, რაც მოიცავს ინფლაციის თარგეთირებას, ფისკალურ დისციპლინას და გაცვლითი კურსის მეტ მოქნილობას.

მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ მსოფლიო ეკონომიკა აღდგენის პროცესშია და 2021 წელს მისი 5.6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც ბოლო 80 წლის განმავლობაში რეცესიის შემდგომი ზრდის ყველაზე მაღალი ტემპია. თუმცა, აღდგენა არათანაბარია. პანდემიით გამოწვეული იმ დანაკარგების ანაზღაურება, რომლებიც წარმოებას, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს და საცხოვრებელ პირობებს უკავშირდება, 2022 წლისთვის მოსალოდნელი არ არის. 

ფასები საქართველოში უსწრაფესად იზრდება: ინფლაციის ახალი სტატისტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის მიერ ანგარიშის ერთობლივ პრეზენტაციაზე მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოსა და საქართველოში ეკონომიკის აღდგენის დაჩქარება იმედისმომცემია. თუმცა აღდგენის პროცესი ჯერ კიდევ რისკების შემცველია.

„ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებული გლობალური ინფლაციური ზეწოლა კვლავ მოახდენს გავლენას საქართველოში არსებულ ინფლაციაზე. რადგან ეს ტენდენცია გლობალურია, ხელისუფლებას რეაგირებისთვის მცირე ბერკეტები აქვს. ამის მიუხედავად, დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელებას შეუძლია ხელი შეუწყოს გაცვლითი კურსის მერყეობის შემცირებას, ხოლო სოციალური დაცვის სისტემების გაუმჯობესებას საზოგადოების დაუცველ ნაწილზე გავლენის შემსუბუქება შეუძლია“, – განაცხადა მოლინეუსმა.

ამასთან, მსოფლიო ბანკი 2021 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

ინფლაციის დონემ 2021 წლის მაისში 7,7% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ის, რომ ინფლაცია მიზნობრივ ინფლაციაზე გაცილებით მაღალია, არ ნიშნავს, რომ ინფლაციის თარგეთირება „არ მუშაობს". 

ფასები ისევ გარბის... ვინ და როგორ შეაჩერებს ინფლაციას?

„ეს არის ის, რაც ეროვნულ ბანკს აიძულებს მაღალი ინფლაციის პერიოდებში მკაცრი ფულად–საკრედიტო პოლიტიკა გაატაროს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკი ინფლაციის დონის ზრდას იმპორტირებულ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების მატებას და ასევე საწვავზე გლობალურად მზარდ ფასებს უკავშირებს. პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 7%-იან დონეზე იქნება და მიზნობრივ მაჩვენებელს 2022 წელს მიუახლოვდება. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი აგრძელებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას, რომლის განაკვეთი ამჟამად 9,5%-ია.