საქართველომ გერმანიისგან ეკოლოგიისთვის რამდენიმე მილიონიანი გრანტი მიიღო

გერმანიის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სახსრებით რაჭასა და შიდა ქართლში ორი ახალი ეროვნული პარკი შეიქმნება.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი − Sputnik. გარემოს დაცვის სფეროში პოლიტიკის გასაძლიერებლად გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტი გამოუყო, იუწყება ფინანსთა სამინისტრო.

დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტი განაწილდება დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და აჭარის სატყეო სააგენტოზე. თანხის ერთი ნაწილი მოხმარდება აჭარის სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, მეორე ნაწილი – დაცული ტერიტორიების ხელშეწყობას, მათ შორის, რაჭასა და შიდა ქართლში ორი ახალი დაცული ტერიტორიის ჩამოყალიბებას. 

კახეთი ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა: ჭაბურღილიდან ნავთობი იღვრება

„საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საგრანტო ხელშეკრულებას „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორ ქვეყანას შორის განვითარების სფეროში მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში KfW ქვეყანას ეხმარება ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით ღირებულია ის დახმარება, რომელიც რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა საქართველოს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირების სოციალური დახმარების ანაზღაურებისთვის გამოუყო.

2020-2021 წლებში საქართველოს ამ მიმართულებით დახმარების სახით გამოეყო 200 მლნ ევრო, საიდანაც უკვე მიღებულია 185 მლნ ევრო.