საარჩევნო რეფორმა: რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციონერი და მმართველი პარტიის დეპუტატები

საპარლამენტო უმრავლესობამ და ოპოზიციამ მოახერხეს საარჩევნო რეფორმის მთავარ საკითხებზე შეთანხმება, დარჩა მხოლოდ ტექნიკური დეტალების დაზუსტება. განახლებული საარჩევნო კოდექსი ივნისის ბოლოს მზად იქნება.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციის დეპუტატებმა დახურულ კარს მიღმა ჩაატარეს კონსულტაციები საარჩევნო რეფორმის თემაზე და შეძლეს კონსენსუსის მიღწევა მთავარ საკითხებზე.

გასულ კვირაში ვენეციის კომისიამ წარადგინა დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. კომისიის აზრით, პროექტის შესწორებული ვერსია ითვალისწინებს ძირითადი რეკომენდაციების არსებით ელემენტებს, მაგრამ რჩება მთელი რიგი საკითხების, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს.

 ესაა დაბალი მოთხოვნები ცესკოს უპარტიო წევრების კვალიფიკაციის მიმართ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პრინციპები, აგრეთვე ყველა დონეზე კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების პროცედურა.

„ქართული ოცნება“: ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ

კონსულტაციების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მოახერხეს მმართველ პარტიასთან პოზიციების დაახლოება საკვანძო საკითხებზე და ახლა რჩება მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხის დაზუსტება.

„ხელში მიჭირავს ორი განსხვავებული ბიულეტენი, როგორიც შეიძლება საპილოტე ვერსია იყოს. ასეთ დეტალებზე მიდის საუბარი. ზოგი პოლიტიკური პარტიისთვის ერთი ბიულეტენია მისაღები, ზოგისთვის მეორე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, შევთანხმდებით და ეს არაა ის საკითხები, რის გამოც შეიძლება ამ პროექტს ჩაგდების საფრთხე დაემუქროს“, - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.

თავის მხრივ, უმრავლესობიდან დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს ისეთი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებასაც ქართველი კანონმდებლები არ აპირებენ.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია: რა იქნება შემდეგ

„ძირითად საკითხებზე იმასთან დაკავშირებით, რას ვითვალისწინებთ და რას ვერ ვითვალისწინებთ, შევთანხმდით. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რასაც ვერ ვიზიარებთ, ეხება იმას, პარტიული წევრის გამოწვევას დასაბუთება რომ უნდა სჭირდებოდეს. ოპოზიცია თვლის, რომ უნდა ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, რომ დასაბუთების გარეშეც გამოიწვიონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.

შიდაპარტიული კონსულტაციების შემდეგ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდა.

„ძალიან მიხარია, რომ პოზიტიურადაა შეფასებული და დასკვნა პოზიტიურია. გარკვეული საკითხები არის, თუმცა როგორც აღნიშნეს თვითონ დეპუტატებმა პრინციპულ საკითხებს არ ეხებაო. მოდით, დაველოდოთ საბოლოო მსჯელობას და ვნახოთ, რა აისახება და რა არა", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

დეპუტატების შეფასებით, განახლებული საარჩევნო კოდექსი პრეზიდენტის ხელმოსაწერად უკვე ივნისის ბოლოს იქნება მზად.

შესაბამისად, ოქტომბერში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნები განახლებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით გაიმართება.